დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 131-08 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეაბილიტირებულ გ. პ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 28 იანვრის განაჩენით გ. პ. გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილისა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “დ” ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), აღნიშნული კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლების შესაბამისად, განემარტა სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით მისთვის მიყენებული ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინებით პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის გამამართლებელი განაჩენი გ. პ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
2006 წლის 24 მარტს რეაბილიტირებულმა გენადი პატარაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღნიშნული განცხადებით გ. პ. ითხოვდა მისთვის მიყენებული ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით სახელმწიფოსგან 500000 (ხუთასი ათასი) ლარის გადახდას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით გ. პ-ს განცხადება, განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა გ. პ-ს განცხადება ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მისთვის 500000 ლარის გადახდის თაობაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რეაბილიტირებულმა გ. პ-მა.
კერძო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის დადგენილების გაუქმება და მის სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის მისთვის მიყენებული ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500000 (ხუთასი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება.
აპელანტი კერძო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ასაბუთებდა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ არსებობს დასაბუთებული სამართლებრივი საფუძველი და უფლება აქვს, მოითხოვოს ფიზიკური, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც განიცადა სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების, კერძოდ, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს მხრიდან უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად. აღნიშნული ორგანოების მიერ მისი უკანონო დაკავება, უკანონოდ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა და თითქმის თერთმეტთვიანი პატიმრობა იგივე იყო, რაც მისი ფიზიკური და სულიერი წამება, მის მიმართ სასტიკი მოპყრობა. აპელანტის აზრით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო ნორმების იმპერატიული მოთხოვნები, შეგნებულად აუარა გვერდი იმ გარემოებას, რომ გ. პ-ს რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, რომელმაც შეამოწმა მისი დაკავებისა და დაპატიმრების კანონიერება და საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, რასაც მოსდევს ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2008 წლის 29 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა აპელანტ გ. პ-ს საჩივარი, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე რეაბილიტირებულმა გ. პ-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მითითებული ჰქონდა კერძო სააპელაციო საჩივარში, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით მისთვის მიყენებული ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის საზღაურად მის სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის 500000 (ხუთასი ათასი) ლარის გადახდის დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა რეაბილიტირებულ გ. პ-ს საჩივართან დაკავშირებით წარმოებული საქმის მასალები და შეამოწმა მისი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომლის მიხედვით, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და დაპატიმრება სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიერ მოხდა უკანონოდ და უსაფუძვლოდ. სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მართებულად მიუთითა, რომ გ. პ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამ საქმეზე წინასწარი გამოძიება, ხოლო შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვა ჩატარდა წინასწარი გამოძიების სტადიაზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც, თავის მხრივ, მაღალი ალბათობით ქმნიდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის დანაშაულში მისი შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.
როგორც ცნობილია, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოოდ ჭეშმარიტებას ადგენს სასამართლო და იძლევა სამართლებრივ დასკვნას პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის სახით, მაგრამ მანამდე, ვიდრე ასე მოხდება, წინასწარი გამოძიების ორგანო საქმეს აგზავნის სასამართლოში საბრალდებო დასკვნით მის მიერ მოპოვებული ისეთი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც იძლევა დასაბუთებულ ვარაუდს პირის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 28 იანვრის განაჩენში მოცემულ საბოლოო დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია: სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას გ. პ-სა და სხვა პირთა მიმართ ვერ იქნა მოპოვებული დანაშაულში მათი მამხილებელი უტყუარი მასალები და მტკიცებულებები, შესაბამისად, ისინი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ. ანალოგიურია მოცემულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინებაც, რომლითაც გამამართლებელი განაჩენი დარჩა უცვლელად, ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მტკიცებულებების უტყუარობასა და ბრალდების საფუძვლიანობას საბოლოოდ ადგენს ის სასამართლო, რომელიც არსებითად იხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რაც წინასწარი გამოძიების ორგანოსა და პროკურორს არ ართმევს უფლებას, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე პირს წარუდგინონ ბრალდება დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და დაპატიმრება ვერ ჩაითვლება უკანონოდ და დაუსაბუთებლად.
აღნიშნული გარემოებების გამო კასატორ გ. პ-ს მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 29 იანვარს მის მიმართ გამოტანილი განჩინების გაუქმების, აგრეთვე მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოსათვის გადასახდელად 500000 (ხუთასი ათასი) ლარის დაკისრების თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირის რეაბილიტირებულად ცნობის შემთხვევაში სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოს მეშვეობით უნდა ეცნობოს საზოგადოებას აღნიშნული რეაბილიტაციის შესახებ, რის გამოც პუბლიკაცია გ. პ-ს სრული რეაბილიტაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში. საამისოდ უნდა შევიდეს ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განჩინებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. პ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითოს: “პუბლიკაცია გ. პ-ს სრული რეაბილიტაციის შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემა _ “საკანონმდებლო მაცნეში”.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.