დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.12.2008
საქმის ნომერი
2კ-19-I-08
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

19I 8 დეკემბერი, 2008 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ტ-ს დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ჯ. ტ., _ დაბადებული …… წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები თბილისში, ……….. ქ. ¹ 14-ში, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

2008 წლის 19 მარტს მსჯავრდებულ ჯ. ტ-ს დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ტ-ს დამცველს, ადვოკატ ლ. ა-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულ ჯ. ტ-ს დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იმავე სასამართლოში. როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, აღნიშნულ ვადაში არც ბრალდების მხარისა და არც დაცვის მხარის წარმომადგენელს საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. მსჯავრდებულ ჯ. ტ-ს დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა თავის განცხადებაში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად მიუთითა შემდეგ გარემოებაზე: 2007 წლის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ჯ. ტ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე მან 2007 წლის 17 დეკემბერს დამატებითი სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. დამატებითი სააპელაციო საჩივარი ამ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიაში რეგისტრირებულ იქნა 2007 წლის 18 დეკემბერს, ხოლო მოსამართლეს გადაეცა 20 დეკემბერს. ამ დროისათვის ჯ.. ტ-ს საქმეზე შეტანილი ძირითადი სააპელაციო საჩივარი უკვე განხილული იყო ზეპირი მოსმენის გარეშე, რომლის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ჯ. ტ-ს მიმართ დარჩა უცვლელად. იმის გამო, რომ იგი სააპელაციო სასამართლოსგან ელოდებოდა პასუხს დამატებითი სააპელაციო საჩივრის თაობაზე, მან გაუშვა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 18 დეკემბერს ჯ. ტ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის საკასაციო ინსტანციაში გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რადგან არ იცოდა, სააპელაციო სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო დამატებით სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა განმარტავს: საქართველოს სსსკ-ის 526-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სააპელაციო საჩივარი ძირითადი საჩივრის ხარვეზის შესავსებად შეიძლება შეტანილ იქნეს სააპელაციო გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში _ კონკრეტულად კი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯ. ტ-ს მიმართ განაჩენი გამოიტანა 2007 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო დამატებითი სააპელაციო საჩივარი (თბილისის სააპელაციო სასამართლოში და არა იმავე სასამართლოში) შეტანილ იქნა 2007 წლის 18 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 524-ე და 526-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, წარმოებაში მიეღო და განეხილა ადვოკატ ლ. ა-ს მიერ შეტანილი დამატებითი სააპელაციო საჩივარი. ამასთან, ვინაიდან გასული იყო სააპელაციო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, ადვოკატ ლ. ა-ს უნდა მიემართა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის გაშვებული ვადის აღდგენის მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დამატებით სააპელაციო საჩივარს განიხილავდა ძირითად სააპელაციო საჩივართან ერთად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატ ლ. ა-ს მიერ მოტანილ არგუმენტს, რომლის მიხედვით, მან საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა იმის გამო, რომ ელოდებოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დამატებით სააპელაციო საჩივარზე, რადგან, საპროცესო კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა რაიმე გადაწყვეტილება კანონის დარღვევით შეტანილ საჩივარზე, რის თაობაზეც, კანონიდან გამომდინარე, ცნობილი იყო აპელანტ ლ. ა-სთვის. Aმდენად კასატორის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ საკასაციო ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინება, რომლითაც ადვოკატ ლ. ა-ს უარი ეთქვა მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ადვოკატ ლ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინება, რომლითაც ადვოკატ ლ. ა-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.