განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-30-I-08 13 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, კ. ბ-ის, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ც-ისა და მსჯავრდებულ ნ. ჩ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ნ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. Mმას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 24 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენი და ნ. ჩ-ი გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით ნ. ჩ-ის სასარჩელო განცხადება სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი, მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფიოდა ნაწილობრივ, კერძოდ: მას უნდა აუნაზღაურდეს ქონებრივი ზიანი 2550 ლარის ოდენობით.
ნ. ჩ-ის რეაბილიტაციის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მასვე დაევალა ნ. ჩ-სადმი მიყენებული ქონებრივი ზიანის 2550 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა დაევალოს მის ოფიციალურ გამოცემაში ნ. ჩ-ის რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნება.
ნ. ჩ-ის რეაბილიტაციის შესახებ უნდა ეცნობოს მისი სამუშაო ადგილის ადმინისტრაციასა და შრომით კოლექტივს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე კ. ბ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა განმცხადებლის სასარგებლოდ 2 550 ლარის გადახდა და ასევე უარი ეთქვას ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ არის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ. ც-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დაადგინა ნ. ჩ-ის სასარგებლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების _ 2000 ლარის ანაზღაურება.
ნ. ჩ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებაში თავის სასარგებლოდ ცვლილების შეტანას, კერძოდ: ფიზიკური ზიანისათვის _ 47 450 ლარის, ხოლო მორალური ზიანისათვის _ 150 000 ლარის, საბოლოოდ კი _ 197 450 ლარის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ მოტივით, რომ ცალმხრივად და ტენდენციურად წარიმართა წინასწარი და სასამართლო გამოძიება; მას შეელახა პატივი, ღირსება, სამსახურებრივი რეპუტაცია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებულს უფლება აქვს მიმართოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოდ მოიაზრება პირველი ინსტანციის, რაიონული (საქალაქო) სასამართლო და არა _ გამამართლებელი განაჩენის ან სხვა რაიმე მარეაბილიტირებელი საფუძვლით გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, რომელიც შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოც. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ, სსსკ-ის 227-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებულისათვის ყველა სახის ზიანის ანაზღაურების შესახებ განჩინება (დადგენილება) შეიძლება სააპელაციო წესით გაასაჩივრონ რეაბილიტირებულმა, პროკურორმა, დაინტერესებულმა პირმა და ორგანიზაციამ, რომელსაც ეხება სასამართლოს მოთხოვნა რეაბილიტირებულისათვის ყველა უფლების აღდგენის შესახებ. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 517-ე მუხლის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ უფლებით, მოითხოვონ საქმის განხილვა არანაკლებ ორ სასამართლო ინსტანციაში. აქვე საგულისხმოა, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, როგორც გამამართლებელი განაჩენის გამომტანი სასამართლოს მიერ, ზემოაღნიშნული საქმის განხილვა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით დარღვევას, ვინაიდან ამით დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობის წესი. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა არაუფლებამოსილი იყო, განეხილა სადავო საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი და განჩინება გამოიტანა საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით. Aამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და რეაბილიტირებულ ნ. ჩ-ის განცხადება სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი, მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურების შესახებ ახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეცეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის “თ’” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, კ. ბ-ის, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ც-ისა და ნ. ჩ-ის კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინება და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეცეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.