განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 04.05.2009
საქმის ნომერი
2კ-36-I-08
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.05.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

¹361 -08 4 მაისი, 2009 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეაბილიტირებულ ნ. ბ-სა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ნ. ბ-ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 დეკემბრის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი ნ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით პროკურორ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ნ. Bბ-ს მიმართ დარჩა ძალაში.

Mრეაბილიტირებულმა ნ. ბ-მ 2008 წლის 19 მარტს განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისი ოჯახის წევრების მიერ გაწეული ხარჯის _ 3 600 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 2 300 ლარისა და 60 000 ლარის ოდენობით პოლიციისა და პროკურატურის ორგანოების მიერ მის მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

Mმარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის დადგენილებით ნ. ბ-ს განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პუბლიკაცია ნ. ბ-ს სრული რეაბილიტაციის შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში. ამასთან, სისხლის სამართლის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად ნ. ბ-სათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მისი ოჯახის წევრების მიერ გაწეული ხარჯის _ 3600 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 2300 ლარის ანაზღაურების ნაწილში, უარი ეთქვა დაუსაბუთებლობის გამო.

ზემოაღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ. მ-მ, რეაბილიტირებულ ნ. ბ-ს წარმომადგენელმა ი. ჯ-მ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე კ. ბ-მ.

Aაპელანტი _ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ. მ. თავისი კერძო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას იმ მოტივით, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევისას, არსებობდა ფაქტობრივი, მტკიცებულებითი და ფორმალური საფუძვლები მისი გამოყენებისათვის, რის გამოც ნ. ბ-ს პატიმრობაში ყოფნა არ უნდა მიჩნეულიყო დაუსაბუთებლად და უკანონოდ.

აპელანტი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე კ. ბ-ი თავისი საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული დადგენილების გაუქმებას რეაბილიტირებულ ნ. ბ-სათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

აპელანტი _ რეაბილიტირებულ ნ. ბ-ს წარმომადგენელი ი. ჯ-ი თავისი საჩივრით ითხოვდა პოლიციისა და პროკურატურის ორგანოების მიერ ნ. ბ-ს მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას 60 000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე კ. ბ-ის, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. მ-სა და რეაბილიტირებულ ნ. ბ-ს წარმომადგენელ ი. ჯ-ის კერძო სააპელაციო საჩივრები, ხოლო Mმარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის დადგენილება რეაბილიტირებულ ნ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე რეაბილიტირებულმა ნ. ბ-მ და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ. მ-მ კერძო საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორი _ პროკურორი დ. მ. თავისი საჩივრით ითხოვს ნ. ბ-სათვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებაზე უარის თქმას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა კერძო სააპელაციო საჩივარში.

კასატორი _ რეაბილიტირებული ნ. ბ. თავისი საჩივრით ითხოვს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხის _ 2000 (ორი ათასი) ლარის გაზრდას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა რეაბილიტირებულ ნ. ბ-ს განცხადებასთან დაკავშირებით არსებული სასამართლო წარმოების მასალები და შეამოწმა ნ. ბ-სა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული კანონის მიხედვით, მორალური ზიანი ფულადი კომპენსაციით შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავება ან დაპატიმრება, ამასთან, სასამართლომ აუცილებლად უნდა დაასაბუთოს დაკავების ან დაპატიმრების უკანონობა ან დაუსაბუთებლობა.

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს თავიანთ გადაწყვეტილებებში არ უმსჯელიათ იმის თაობაზე, თუ რაში გამოიხატებოდა რეაბილიტირებულ ნ. ბ-ს დაპატიმრების უკანონობა. აღნიშნული გარემოების სათანადოდ გარკვევამდე საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ნ. ბ-ს სასარგებლოდ მორალური ზიანისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის ანაზღაურების დაკისრების კანონიერებაზე.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს, რომელმაც, საკასაციო პალატის მითითების გათვალისწინებით, უნდა მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რეაბილიტირებულ ნ. ბ-სა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება რეაბილიტირებულ ნ. ბ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.