საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.07.2009
საქმის ნომერი
2კ-13-I-09
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

13-09 3 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - იური ტყეშელაშვილი

მოსამართლეები: მაია ოშხარელი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განჩინებაზე.

2009 წლის 21 აპრილს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში შევიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მსჯავრდებულ გ. გ-ის განცხადება რეაბილიტაციის შესახებ, შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ეს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდება (1999 წლის რედაქცია). აღნიშნული მუხლით სხვისი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოები ვადით ერთ წლამდე.

ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილი ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ხოლო მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით, ანუ სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება, თუ მან არ გამოიწვია ზიანი 150 ლარს ზევით, დანაშაულად არ ითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა გ. გ-ემ ითხოვა რეაბილიტაციის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება და მორალური ზიანის სახით 2006 წლის 28 აპრილიდან - 2008 წლის 7 ნოემბრამდე კალენდარული ვადის _ თითოეულ მოხდილ თავისუფლების აღკვეთის დღეზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსაციის _ 200 ლარის გადახდა, დადგენილების გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში. მან ასევე ითხოვა დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნების დავალება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის დადგენილებით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული დადგენილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.