საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.11.2009
საქმის ნომერი
2კ-18-I-09
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.11.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-18-I-09 16 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ხ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. ო-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებაზე, რომლითაც იგი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ვ. ხ-შვილისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით ვ. ხ-შვილი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით, იმავე გამოსადელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით ვ. ხ-შვილს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ხ-შვილის შუამდგომლობას განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და მისი აღდგენის თაობაზე ეთქვა უარი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ო-შვილმა, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმება და ვ. ხ-შვილისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და კერძო საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, კერძო საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო კერძო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ხ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. ო-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებაზე, რომლითაც იგი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ვ. ხ-შვილისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენის გასაჩივრების ვადის აღდგენას, არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.