საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-24Iაპ-09 ქ. თბილისი
29 სექტემბერი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურორ ნ.გ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ი.ღ და რეაბილიტირებულ შ.კ ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ.ჯ და ო.კ კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის დადგენილებით რეაბილიტირებულ შ.კ მოთხოვნა სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შ.კ ქონებრივი ზიანი აუნაზღაურდა 900 ლარის ოდენობით, მათგან _ 400 ლარი შეადგენს მიუღებელ ხელფასს, ხოლო 500 _ ადვოკატის ჰონორარს. შ.კ მიყენებული მორალური ზიანის ოდენობა განისაზღვრა 3 000 ლარის ოდენობით. თანხის გადახდა დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს დაევალა მის ოფიციალურ გამოცემაში შ.კ რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნება.
აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინებით შეიცვალა: დადგენილება გაუქმდა შ.კ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და მას მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებაზე უარი ეთქვა. დადგენილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და კერძო საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში კერძო საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, კერძო საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში განსახილველი კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო კერძო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ ნ.გ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ი.ღ და რეაბილიტირებულ შ.კ ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ.ჯ და ო.კ კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.