შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 13.07.2009
საქმის ნომერი
79საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.07.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

79საზ-06 13 ივლისი, 2009 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ქ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენით ზ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

განაჩენით ზ. Qქ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

ზ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 4 იანვრიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით ზ. ქ-ი თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. ქ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებით 119-ე მუხლი (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გაუქმდა, ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, იმავე ცვლილების ძალით, ამჟამად ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის სანქციით სასჯელის ზომად დადგენილია თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომის შემცირებაზე, რადგან ეს უკანასკნელი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. Qქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ზ. Qქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ზ. Qქ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.