შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
95 /საზ ქ. თბილისი
27 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ზ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ნ. ზ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოს მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 სექტემბრის განაჩენი ნ. ზ-ის მიმართ შეიცვალა შემდეგი მიმართებით: ნ. ზ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი, გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 119-ე მუხლზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
განაჩენით ნ. ზ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ნ. ზ-ის საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებით 119-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) გაუქმდა, ხოლო ნოდარ ზაზაძის მიერ ჩადენილი ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობას ამჟამად ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომლის სანქციით სასჯელის ზომად დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემსუბუქდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომა არ აღემატება იმავე ქმედებისათვის ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებს, აღნიშნული სასჯელის ზომა ვერ შემცირდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 იანვრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ნ. ზ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით (მითითებული რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილთან (მითითებული რედაქცია).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინებში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ზ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ნ. ზ-ის მიმართ აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.