შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
103 საზ. ქ. თბილისი
26 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ო-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ბ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის საფუძველზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
განაჩენით ბ. ო-ს მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მსჯავრდებული ბ. ო-ი საჩივრით ითხოვს ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ნოემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ბ. ო-ის საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებით 119-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) გაუქმდა, ხოლო ბ. ო-ის მიერ ჩადენილი ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობას ამჟამად ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომლის სანქციით სასჯელის ზომად დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემსუბუქდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ბეჟან ოქროპილაშვილის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომა არ აღემატება იმავე ქმედებისათვის ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებს, აღნიშნული სასჯელის ზომა ვერ შემცირდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულ ბ. ო-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით (მითითებული რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილთან (მითითებული რედაქცია).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ბ. ო-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ვანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. ო-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ბ. ო-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.