შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 26.02.2008
საქმის ნომერი
111საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.02.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

111 საზ. ქ. თბილისი

26 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. -ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 3 აპრილის განაჩენით გ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის საფუძველზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და გივი ცუცქირიძეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ გ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 9 იანვრიდან.

განაჩენით გ. ც-ს მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მსჯავრდებული გ. ც-ძე საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ც-ს საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თორმეტ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებით 119-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) გაუქმდა, ხოლო გ. ც-ს მიერ ჩადენილი ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობას ამჟამად ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომლის სანქციით სასჯელის ზომად დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემსუბუქდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ გ. ც-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომა არ აღემატება იმავე ქმედებისათვის ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებს, აღნიშნული სასჯელის ზომა ვერ შემცირდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 9 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ც-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით (მითითებული რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილთან (მითითებული რედაქცია).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ც-ს მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ც-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ც-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ გ. ც-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.