შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
188 საზ ქ. თბილისი
13 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გალისა და გულრიფშის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გალისა და გულრიფშის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის განაჩენით ი. ჯ-ი, _ დაბადებული .... წელს, ქართველი, საშუალო განათლებით, უცოლო, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მეხუთე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ორი) წლის ვადით, 240-ე მუხლის მეორე ნაწილით - 5 (ხუთი) წლით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 207-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საბოლოოდ ი. ჯ-ს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 18 ოქტომბრიდან.
განაჩენით ი. ჯ-ს მჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გატაცება, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღური თავდასხმის გზით, ასევე საბრძოლო მასალისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება. ასევე წინააღმდეგობის გაწევა პოლიციის მუშაკის, ამ პირთა მიერ დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა სესრულებისას, რასაც თან სდევდა ძალადობა.
მსჯავრდებულ ი. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან ათ წლამდე და შეესაბამება საქართველოს მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილს, რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ი. ჯ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი _ მეორე ნაწილებით, 240-ე მუხლის მეორე _ მესამე ნაწილებითა და 207 მუხლის მეორე ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათ მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ი. ჯ-ის მიმართ განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელის ზომა განსაზღვრულია მოქმედი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ი. ჯ-ნის სასიკეთოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ ი. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გალისა და გულრიფშის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ი. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ ი. ჯ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.