შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
269საზ. 13 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ახმეტის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახმეტის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ბ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საბოლოოდ, იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ. მ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.
განაჩენით ბ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჩაიდინა ყაჩაღობა; მანვე ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანიო ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებული ბ. მ-ი საჩივრით ითხოვს ახმეტის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 18 დეკემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ბ. მ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე და შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე,საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რომელიც, კანონის შესაბამისად, შთანთქავს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მითითებული რედაქცია) დანიშნულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულ ბ. მ-ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატამ, შეამოწმა რა მისი პირადი საქმე სრული მოცულობით, დაადგინა, რომ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის განაჩენით იგი მსჯავრდებულია 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლითაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. სასჯელის განსაზღვრის დროისათვის მას მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა – 6 წელი და 13 დღე, რასაც დაუმატა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განუსაზღვრა 13 წლითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აგრეთვე, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ბუღდან მექვევრიშვილი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, რომლითაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. სასამართლომ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს - 11 წელს, 4 თვესა და 10 დღეს ნაწილობრივ დაუმატა 1 (ერთი) წელი და მას საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 4(ოთხი) თვისა და 10 (ათი) დღის ვადით.
ამჟამად საკასაციო პალატამ, ბ. მ-ის მიმართ განაჩენის ზემოთ მითითებულ სისხლის სამართლის კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკითხის განხილვის შემდეგ, უნდა იმსჯელოს ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ზემოხსენებულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, კერძოდ: მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ბ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, მას სასჯელი შეუმცირდა 4 (ოთხი) წლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ამიტომ ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის განაჩენით მისთვის განსაზღვრულ სასჯელს – 12 წელს, 4 თვესა და 10 დღეს უნდა გამოაკლდეს 4 წელი და საბოლოოდ მას უნდა განესაზღვროს სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 10 (ათი) დღის ვადით, რომლის მოხდის ათვლა მას უნდა დაეწყოს 2000 წლის 14 ნოემბრიდან.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ახმეტის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 18 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მსჯავრდებულ ბ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რომლითაც, კანონის შესაბამისად, შთანთქმულ იქნეს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი.
მითითებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ნოემბრის განაჩენით მისთვის განსაზღვრულ სასჯელს – 12 წელს, 4 თვესა და 10 დღეს გამოაკლდეს 4 წელი და საბოლოოდ მას განესაზღვროს სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 10 (ათი) დღის ვადით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს 2000 წლის 14 ნოემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.