შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
299საზ ქ. თბილისი
8 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 6 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 6 ივლისის განაჩენით გ. ბ-ი, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 3 წლით, მე-4 ნაწილით _ 6 წლით, 2071-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 8 წლით, მე-17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 7 წლით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტებით _ 15 წლით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 10 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-4 პუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით, 136-ე მუხლით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, გ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1998 წლის 3 მარტიდან.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 1994 წლის იანვრამდე ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალის უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება; ასევე _ 1994 წლის 11 იანვარს, სხვა პირებთან ერთად, მთვრალმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკებისათვის წინააღმდეგობის გაწევა ამ პირთა მიერ მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას, რასაც თან სდევდა ძალადობა და ასეთის გამოყენების მუქარა, რის შემდეგაც პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით ყაჩაღურად თავს დაესხა ხონის შს რაიგანყოფილების მუშაკებს, მიაყენა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და გაიტაცა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, რის შემდეგაც, არ ჰქონდა რა მართვის უფლება, პირთა ჯგუფთან შეთანხმებით შეეცადა პოლიციის მუშაკის _ ე. ჭ-ს კუთვნილი ავტომანქანის გატაცებას, რაც ვერ შეძლო; განაწყენებულმა გ. ბ-მა „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან არაერთჯერადი გასროლით დააზიანა ავტომანქანის აკუმულატორი, რითიც დაზარალებულს მიაყენა 210 ლარისა და 66 თეთრის ზიანი; ძალადობისა და ცემის შედეგად პოლიციელებმა _ ე. ჭ-მა და გ. ს-მ მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დაზიანება.
მიმალვაში მყოფმა გ. ბ-მა სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი თავისი ვაზნებით და საბრძოლო მასალა _ დაუდგენელი მოდელის ხელყუმბარა, რასაც ინახავდა და ატარებდა სათანადო ნებართვის გარეშე.
1994 წლის 4 ოქტომბერს მთვრალმა გ. ბ-მა, შეიარაღებულმა „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტითა და ხელყუმბარით, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში მდებარე იმერეთის საყრდენი პუნქტის ტერიტორიაზე, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკითა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, თავის ამხანაგებთან ერთად, ხელებითა და ფეხებით სცემა მ. ფ-ს, რა დროსაც ქვის თავში ჩარტყმით მოკლეს იგი და გაიტაცეს მისი კუთვნილი ავტომანქანა.
ადვოკატი ლ. კ-ძე საჩივარში აღნიშნავს, რომ 1961 წლის რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსში 1999 წლისა და შემდგომ წლებში შესული ცვლილებით მნიშვნელოვნად შემსუბუქდა სასჯელები გ. ბ-სათვის წარდგენილი დანაშაულებისათვის, რის გამოც სისხლის სამართლის კანონს აქვს უკუძალა.
საჩივრის ავტორის აზრით, გ. ბ-ის ქმედება სსკ-ის 104-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტზე და უნდა შეუმცირდეს როგორც ცალკეული მუხლებით, ისე _ საბოლოოდ შეფარდებული სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. ბ-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
ამრიგად, გ. ბ-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამიტომ გ. ბ-ს ქმედება სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
გ. ბ-ი მსჯავრდებულია ასევე საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 პუნქტებითა და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნულ ქმედებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი, რადგან განაჩენით დადგენილია, რომ გ. ბ-მა დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით და სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა არ აქვს.
გ. ბ-ი ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტებითაც (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკითა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის ითვალისწინებდა 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით მკვლელობისათვის ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე.
ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას (მკვლელობა ანგარებითა და განსაკუთრებული სისასტიკით) მოიცავს დღეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტები და სასჯელად დადგენილია 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა არ აქვს.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სხვა მუხლების შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და მსჯავრდებულის სასიკეთოდ არც ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1998 წლის 6 ივლისის განაჩენი შეიცვალოს:
გ. ბ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გადაკვალიფიცრდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ბ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტზე;
გ. ბ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 პუნქტებითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და გ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.