დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.03.2008
საქმის ნომერი
415საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

415/საზ ქ. თბილისი

20 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ა-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 19 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 19 დეკემბრის სასამართლოს განაჩენით ს. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, 236-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

იმავე განაჩენითÑ ვ. პ-ო ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; 236-ე მუხლის საფუზველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ვ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, სსკ-ის 236-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

მსჯავრდებული ს. ა-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ს. ა-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დადგენილია, რომ 1997 წლის 1 იანვარს ს. ა-ი თავის თანამზრახველებთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა მოქალაქე გ. ტ-ს.

იმავე წლის 5 იანვარს ს. ა-ი თავის თანამზრახველებთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა რ. ა-ს, 7 იანვარს – ზ. ღ-ს, 11 იანვარს - ვ. ტ-ს, 30 იანვარს – გ. გ-ეს, 30 იანვარს კი – რ. ხ-ს.

მან თავის თანამზრახველებთან ერთად ჩაიდინა კიდევ არაერთი სხვა დანაშაული.

ამრიგად, მსჯავრდებული ს. ა-ი სხვა პირებთან წინასწარ შეკავშირდა დანაშაულის ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში მათთან შეთანხმებულად მოქმედებდა, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრი, რომლის მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა ს. ა-მა დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილთან და ასევე სხვა ნაწილებთან მიმართებით განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განაჩენი მსჯავრდებულების – ვ. კ-ს, დ. ს-ს, ვ. პ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათი მსჯავრდების ნაწილში განაჩენის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ ს. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 19 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების – ს. ა-ს, ვ. კ-ს, დ. ს-სა და ვ. პ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.