დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
429საზ ქ. თბილისი
11 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ი-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის განაჩენით რ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2000 წლის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საბოლოოდ მას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის განაჩენით ზემომითითებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. ი-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ რ. ი-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) განზრახი მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ესე იგი ამ დანაშაულისათვის გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა, მოცემულ შემთხვევაში განაჩენის ამ ნაწილთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
რაც შეეხება რ. ი-ის ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის რედაქცია), ასევე უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან განაჩენის ამ ნაწილთან მიმართებითაც არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ რ. ი-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ რ. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.