შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
456/საზ 25 თებერვალი, 2008 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 7 ივნისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 7 ივნისის განაჩენით ვ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “დ" ქვეპუნქტებით - 14 წლით, 184-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტით - 4 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით – 7 წლით, 238-ე მუხლის I ნაწილით - 2 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით - 4 წლით, III ნაწილით – 6 წლით, 240-ე მუხლის III ნაწილით - 8 წლით, 252-ე მუხლის III ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ ვ. ბ-ს შეეფარდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ.. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 7 მაისიდან.
ამავე განაჩენით გ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 6 მაისიდან.
დ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით - 3 წლით, 78-ე მუხლით – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ დ. გ-ს შეეფარდა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 17 ივნისიდან.
გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით – 3 წლით, 236-ე მუხლის I ნაწილით - 1 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, გ. მ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 5 დეკემბრიდან.
ტ. ო-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის III ნაწილით, სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “დ" ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 10 მაისიდან.
მსჯავრდებული ვ. ბ-ი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე მითითებით, საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 7 ივნისის განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის III ნაწილით, 238-ე მუხლის I, II, III ნაწილებით, 240-ე მუხლის III და 252-ე მუხლის III ნაწილებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ვ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება _ ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს სამიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებს (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რომლებიც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და ,,დ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ (რომელიც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს) და ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებს, რომლებიც ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის მაქსიმალური ზომა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" და ,,დ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" და ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ამასთან, ვ. ბ-ის მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 2 წლით და მას საბოლოოდ სასჯელად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ გ. ქ-ის, დ. გ-ის, გ. მ-სა და ტ. ო-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი მათ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით,სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" პუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ვ. ბ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 7 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" და ,,დ” ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" და ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
მსჯავრდებულ ვ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.