დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
462/საზ 24 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჩ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის განაჩენით თ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის I ნაწილით _ 7 წლით, ამავე მუხლის II ნაწილის IV პუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, შთანთქმის პრინციპით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
იგი სასჯელს იხდის 1999 წლის 18 დეკემბრიდან.
განაჩენით თ. ჩ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ყაჩაღობა.
მსჯავრდებული თ. ჩ-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ თ. ჩ-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის I ნაწილითა და იმავე მუხლის II ნაწილის IV პუნქტით (ძველი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც თ. ჩ-ს მიმართ განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნებოდა.
ამდენად, თ. ჩ-ს მიმართ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ჩ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის განაჩენი თ. ჩ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.