შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 25.06.2008
საქმის ნომერი
10საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.06.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

¹10 საზ. 25 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივნისის განაჩენით მ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის (1999 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ზ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

განაჩენით მ. ხ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, ჩაიდინა ყაჩაღობა.

მსჯავრდებული მ. ხ. საჩივრით ითხოვს მის მიმართ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 სექტემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ მ. ხ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან (მითითებული რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ხ-ს ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეხუთე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და რომლის საფუძველზეც მას სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, მის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში, ასევე აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ მ. ხ-ს მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით სხვა მსჯავრდებულების მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ც-ს მიმართ, ზემომითითებული გარემოებების გამო, უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ. ც-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (მითითებული რედაქცია), უნდა შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (მითითებული რედაქცია), რის გამოც ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ზ. ც-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა დარჩეს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეხუთე პუნქტის (მითითებუოლი რედაქცია) საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით ა. გ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (მითითებული რედაქცია), ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (მითითებული რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. გ-ს ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და რომლის საფუძველზეც მას სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მასთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი ამ ნაწილში, ასევე აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად.

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ შერაცხულ სხვა ქმედებათა კვალიფიკაციის საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ იმსჯელებს, რადგან მათთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ მ. ხ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულების _ მ. ხ-ს, ა. გ-სა და ზ. ც-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მათ სასჯელის ზომად განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა _ თითოეულს 9 (ცხრა) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულების – მ. ხ-ს, ზ. ც-სა და ა. გ-ს მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.