შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 28.05.2008
საქმის ნომერი
45საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.05.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

45საზ ქ. თბილისი

8 მაისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 28 ნოემბრის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 28 ნოემბრის განაჩენით მ. გ-ა, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლით და 104-ე მუხლის მე-9 პუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღება.

იმავე განაჩენით ჯ. გ-ა, - დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, ე.ი. განზრახი ქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავხედობით და რა დროსაც გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-მ, 1994 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათზე, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, ეჭვიანობის ნიადაგზე და შურისძიების მოტივით, ,,ბრაუნინგის" მარკის პისტოლეტიდან ორჯერ გასროლით მოკლა თავისი მეუღლე დ. დ-ა, რის შემდეგ აღნიშნული პისტოლეტი უკანონოდ გაასაღა.

იმავე წლის 9 ნოემბერს, ჩადენილი ჰქონდა რა განზრახ მკვლელობა, მ. გ-მ შურისძიების მოტივით, ,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით მოკლა თ. ხ-ა და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ გაასაღა.

1994 წლის ნოემბერში, ჯ. გ-მ, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა „ბრაუნინგის” მარკის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რომელიც მას შესანახად დაუტოვა მ. გ-მ. კერძოდ, უსაფუძვლოდ აუხირდა და სხვა მოქალაქეების თანდასწრებით ჩხუბი დაუწყო თავის მეზობელ ი. გ-ს და იარაღის მუქარით აიძულა იგი, დაწოლილიყო მიწაზე, რის შემდეგაც, მისი შეშინებისა და დამცირების მიზნით, მოახდინა რამდენიმე გასროლა ჰაერში. ჯ. გ-ს ასეთი ხულიგნური მოქმედება, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავხედობით, გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთი, რითაც მან აშკარა უპატივცემულობა გამოხატა დამსწრე საზოგადოების მიმართ.

აღნიშნული ქმედებისათვის მ. გ-ს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 105-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 104-ე მუხლის მე-9 პუნქტით _ სიკვდილით დასჯა; იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. ცნობად იქნა მიღებული, რომ მ. გ-ა პატიმრობაშია 1994 წლის 21 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით მ. გ-ს განაჩენით დადგენილი სასჯელი შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

ამავე განაჩენით ჯ. გ-ს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1994 წლის 27 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული მ. გ-ა საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა მ. გ-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განაჩენით მ. გ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 15 წლამდე.

არაერთგზის ჩადენილი მკვლელობისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა 10-დან 20 წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის) სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, მ. გ-ს მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მ. გ-ს მიერ არაერთგზის ჩადენილ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტი (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსი), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 15 წლამდე. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში მ. გ-ს ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მამედ გერგედავას სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს 15 წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ს, რომელსაც განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ კანონის სანქციის ფარგლებში, ხოლო თუ სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

მ. გ-ს მიერ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 105-ე მუხლითა და 238-ე მუხლის მე-3 ნაწილი გათვალისწინებული ქმედებების ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ხსენებული მუხლებით დანიშნული სასჯელები მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და არც ამ ქმედებათა სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს ჯ. გ-ს მსჯავრდების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 28 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

მ. გ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და მ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.