დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.03.2008
საქმის ნომერი
49საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

49საზ 12 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 მაისის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 მარტის განაჩენით ლ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2003 წლის 10 მარტიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 მარტის განაჩენით თბილისის დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 მაისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

განაჩენით ლ. გ-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.

მსჯავრდებული ლ. გ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ლ. გ-ის დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ცვლილება არ განუცდია და, ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია, ისევე, როგორც ამჟამად მოქმედი იმავე მუხლის სანქცია, ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც ლ. გ-ძე მიმართ განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნებოდა.

ამდენად, ლ. გ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 მაისის განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ლ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 მაისის განჩინება ლ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.