დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.03.2008
საქმის ნომერი
52საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

52საზ 4 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ხ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 28 მაისის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ხონის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 სექტემბრის განაჩენით თ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2002 წლის 29 მარტიდან.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 6 მარტის განაჩენით ხონის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 28 მაისის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

განაჩენით თ. ხ-ს მსჯავრი დაედო განზრახ ჩადენილი მკვლელობისათვის.

მსჯავრდებული თ. ხ-ძე ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ თ. ხ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ ჩადენილი მკვლელობა, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ცვლილება არ განუცდია და ამდენად დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია, ისევე, როგორც ამჟამად მოქმედი იმავე მუხლის სანქცია, ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც თ. ხ-ის მიმართ განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნებოდა.

ამდენად, თ. ხ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 28 მაისის განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ თ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 28 მაისის განჩინება თ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.