შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
53-საზ ქ. თბილისი
28 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენით პ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით ჯ. თ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
მსჯავრდებული პ. კ-ი თავისი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ პ. კ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი (მითითებული რედაქცია) ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის მსჯავრდებულ პ. კ-ს მიერ ამ ქმედების ჩადენის დროს სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემსუბუქდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულ პ. კ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით (მითითებული რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან (მითითებული რედაქცია), ამასთან, პაატა კეკელაშვილს სასჯელის ზომა უნდა განესაზღვროს ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, მას განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 3 (სამი) წლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი მისი მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: ჯონი თენაძის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით (მითითებული რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან (მითითებული რედაქცია), ამასთან, ჯ. თ-ს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 3 (სამი) წლით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულების _ პ. კ-სა და ჯ. თ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით _ შეუმცირდეთ 3 (სამი) წლით და პ. კ-სა და ჯ. თ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა _ თითოეულს 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.