შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
201საზ ქ. თბილისი
28 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 ივლისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თ. ჯ-ძე, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ დროებითი გამოყენების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაეუფლა ავტომანქანას; მანვე არაერთგზის ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება. მსჯავრდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 20 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 აპრილის განაჩენით შეიცვალა: თ. ჯ-ს სსკ-ის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 ივლისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი თ. ჯ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული თ. ჯ-ძე საჩივრებში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების დადგენის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოირიცხა 184-ე მუხლი, რის გამო ითხოვს მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვას და ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსეობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტს, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ჯ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, დიდი ოდენობით ნივთის ქურდობისათვის _ 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ზემოაღნიშნული დანაშაული მოცემულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” და მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებში და ითვალისწინებს, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარი.
ამდენად, თ. ჯ-ს ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
რაც შეეხება სასჯელს, გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან თ. ჯ-სათვის დანიშნული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციის ფარგლებშია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 5 ივლისის განჩინება შეიცვალოს: მსჯავრდებულ თ. ჯ-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.