დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.01.2008
საქმის ნომერი
263საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹263/საზ ქ. თბილისი

24 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. უ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ნ. უ-ი, _ დაბადებული .. წლის …, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 15 ივლისიდან.

განაჩენით ნ. უ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 17 საათზე, ნ. უ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა დაუდგენელ პირს. მათ განიზრახეს, დროებითი გამოყენების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ავტომობილს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი იმავე დღეს მივიდნენ ქ. თბილისში, .... ქუჩაზე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ამავე ქუჩის ¹17-ში მცხოვრებ მოქალაქე ს. პ-ის კუთვნილ „მოსკვიჩ-412” მარკის ავტომანქანას. ისინი შენიშნა დაზარალებულმა და შეეცადა, მათთვის ხელი შეეშალა, ამასთან, წინააღმდეგობა გაუწია მათ. ამავე დროს შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ნ. უ-ი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, ხოლო მისი თანამზრახველი მიიმალა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან აღნიშნული მანქანა მიატოვა თბილისში, მეტროს სადგურ „ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მეორე დღეს, 16 ივლისს ს. პ-მა შემთხვევით ნახა.

მსჯავრდებული ნ. უ-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ნ. უ-ს პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსი 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსით 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსიდან აღნიშნული მუხლის ამოღებით კანონმდებელმა უარი თქვა დამნაშავის სპეციალური მუხლით დასჯაზე მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით გამოყენების შემთხვევაში და ამ ნივთთან მიმართებით იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება ავტომობილს, რა დროსაც მას აქვს მისი, როგორც ფაქტობრივად საკუთარის, გამოყენების შესაძლებლობა, არა აქვს მნიშვნელობა, პირი რა სახით გამოიყენებს ავტომანქანას _ მისი დროებით სარგებლობა სურს, თუ ფიქრობს მისი გამოყენების სხვა ფორმებზე, _ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის გამოყენებული ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამისი მუხლით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ნ. უ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჯგუფურად _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტს (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად), რაც ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. უ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.