დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.01.2008
საქმის ნომერი
267საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹267საზ. ქ. თბილისი

29 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

დმანისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 სექტემბრის განაჩენით რ. ა-ი, _ დაბადებული ..... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 24 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დმანისის რაიონული სასამართლოს განაჩენი რ. ა-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი აღნიშნულ განაჩენზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

განაჩენის მიხედვით, რასადინ ალეკბეროვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებული რ. ა-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; დაავადებულია ტუბერკულოზით; გადატანილი აქვს ინფარქტი; ჰყავს ოჯახი _ მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი, ასევე _ მოხუცი, პენსიონერი მშობლები, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ახლა ძალიან უჭირთ; არ გააჩნიათ საარსებო წყარო; მისი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს; შეფარდებული სასჯელიდან მოხდილი აქვს 1 წელზე მეტი; აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას ან დარჩენილი სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო პირადი საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით რ. ა-ს მსჯავრი დაედო საქართველოს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, კერძოდ, ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამიტომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის შემცირებას ან რეალური სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლას, ამ შემთხვევაში პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სამართლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის განაჩენი რ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.