დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
268/საზ ქ. თბილისი
16 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 მარტის განაჩენით გ. ფ-ა, _ დაბადებული ….. წლის …….., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 2 იანვრიდან.
განაჩენით გ. ფ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
მსჯავრდებული გ. ფ-ა საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. ფ-ს პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსი 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსით 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჯგუფურად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 10 წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ გამკაცრდა სასჯელის ქვედა ზღვარი.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ფ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.