დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
269საზ ქ. თბილისი
28 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ზ. ბ-ძე, _ დაბადებული …. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა შინაპატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 13 აპრილიდან 2006 წლის 11 იანვრამდე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 2 წლით, 3 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით გ. ო-ი, _ დაბადებული …….. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 273-ე მუხლით და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები ზემოაღნიშნულ განაჩენზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2005 წლის 11 აპრილს, გ. ო-ი ქ. ხაშურში შეხვდა თავის მეგობარ ზ. ბ-ს. საუბრისას მათ განიზრახეს, მისულიყვნენ ტაშისკარის სარწყავი სისტემის სამმართველოს უფროს მ. შ-თან და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაუფლებოდნენ მის „ვაზ-2121” მარკის ავტომანქანას. ისინი ორ დაუდგენელ პირთან ერთად, იმავე დღეს მივიდნენ მ. შ-თან სამსახურში, სადაც გ. ო-მა ორი საათით მოსთხოვა მანქანის გადაცემა. მიიღო რა უარი, გ. ო-მა დაუწყო გინება და დაემუქრა დანით. იქვე მყოფმა ზ. ბ-მ, რომელიც ხედავდა, როგორც ემუქრებოდა გ. ო-ი მ. შ-ს, უთხრა ამ უკანასკნელს, რომ გ. ო-სათვის მიეცა მანქანა. მ. შ-ი დარწმუნდა მუქარის რეალობაში და შეშინებულმა უთხრა, რომ გასაღები მანქანაში იყო. გ. ო-ი დაჯდა მანქანის საჭესთან, გვერდით დაუჯდა ზ. ბ-ძე და გაიტაცეს 13 000 ლარად ღირებული ავტომანქანა.
შემთხვევის დღეს მ. შ-ი რამდენჯერმე დაუკავშირდა გ. ო-ს მობილური ტელეფონით და სთხოვა ავტომანქანის დაბრუნება, თუმცა ეს უკანასკნელი ასახელებდა სხვადასხვა მიზეზს, თუ რატომ ვერ უბრუნებდა მანქანას. დაახლოებით 22 საათზე მ. შ-მა კიდევ ერთხელ დაურეკა გ. ო-ს მანქანის დაბრუნების თაობაზე, რომელმაც, განაწყენებულმა, დაუწყო გინება და გააფრთხილა, რომ, თუ ისევ შეაწუხებდა ასეთი მოთხოვნით, ოჯახს აუწიოკებდა და ამოუწყვეტდა. შეშინებულმა მ. შ-მა განცხადებით მიმართა პოლიციას. 12 აპრილს გ. ო-ი შეამოწმეს ხაშურის ნარკოლოგიურ კაბინეტში, სადაც დაუდგინდა უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.
ზ. ბ-ს ადვოკატი დ. ს-ძე საჩივარში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს, რომ თუ ჩადენილია მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი. ადვოკატის აზრით, აღნიშნული ცვლილება აშკარად ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოებაა. ამდენად, ადვოკატის აზრით მიზანშეწონილია, რომ ზ. ბ-ს დანიშნული სასჯელიდან _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ერთი მესამედი ჩაეთვალოს პირობით.
გარდა ამისა, საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ზ. ბ-მ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო პალატას და ითხოვა, რომ საქმე განეხილათ მის დაუსწრებლად. სააპელაციო პალატამ ისე დაადგინა განაჩენი, რომ ზ. ბ-ს არ მისცა საბოლოო სიტყვა, ხოლო სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ განსასჯელს არ მისცეს საბოლოოდ სიტყვა.
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნა 184-ე მუხლი და აშკარაა, რომ გაუქმდა კონკრეტული ქმედების დასჯადობა. ესეც ახლად გამოვლენილი გარემოებაა და ზ. ბ-ს სასჯელის მოხდისაგან უპირობო გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი დ. ს-ძე ითხოვს ზ. ბ-ს მიმართ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას.
მსჯავრდებული ზ. ბ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ სრული მოცულობით შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უკუძალა აქვს კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს.
სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილში შეტანილი ცვლილება სასჯელს არ ამსუბუქებს. იგი უფლებას ანიჭებს სასამართლოს, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილში 2006 წლის 29 დეკემბრის კანონით შეტანილი ცვლილება ამოქმედდა 2007 წლის 18 იანვრიდან. გასაჩივრებული განაჩენი გამოტანილია 2006 წლის 18 სექტემბერს და მასზე საკასაციო საჩივრები დაუშვებლადაა ცნობილი 2007 წლის 6 თებერვალს, ე.ი. ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ ზ. ბ-სა და გ. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებდა 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებს (ყაჩაღობა ჯგუფურად და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. ამდენად, სისხლის სამართლის ახალი კანონით გამკაცრდა სასჯელი, კერძოდ, მისი ქვედა ზღვარი და მას უკუძალა არ აქვს, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ამდენად, ზ. ბ-სა და გ. ო-ს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებთან და უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე ზ. ბ-სა და გ. ო-ს მიმართ, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.