შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 26.02.2009
საქმის ნომერი
318საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.02.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

318საზ-07 ქ. თბილისი

26 თებერვალი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ივლისის განაჩენით ჯ. ფ-ა, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ და «ე’’ ქვეპუნქტებით _ 6 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’, «გ’’ და «ე’’ ქვეპუნქტებით _ 6 წლითა და 6 თვით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ და «გ’’ ქვეპუნქტებით _ 4 წლით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჯ. ფ-ას საბოლოოდ მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2002 წლის 25 მარტიდან.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ჯ. ფ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; მანვე ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; მანვე ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებით გამოყენების მიზნით, არაერთგზის, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; მანვე ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ძალადობით და ჯგუფურად.

მსჯავრდებული ჯ. ფ-ა საჩივარში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია 184-ე მუხლი, რის გამოც ითხოვს, მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების მოქმედ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არ აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ჯ. ფ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, არაერთგზის, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 7 წლამდე, შეესაბამება 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» და ,,დ» ქვეპუნქტებს და დღეს მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» და „დ» ქვეპუნქტებს, რაც ითვალისწინებს, შესაბამისად, 3-დან 7 წლამდე და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, ჯ. ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ და «გ’’ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედება არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლთან.

ამასთან, საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და ,,გ” ქვეპუნქტები ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე ვადით. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და „ბ» ქვეპუნქტების სანქციით კი დადგენილია 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარი.

სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. ფ-ს ქმედება 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ” ქვეპუნქტებიდან (ყაჩაღობა, ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ" ქვეპუნქტებზე.

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სხვა მუხლების (236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილები, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ და «ე’’ ქვეპუნქტები, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით ჯ. ფ-სათვის განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და არც ამ დანაშაულთა სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ჯ. ფ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: ჯ. ფ-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და ,,გ» ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და „ბ» ქვეპუნქტებზე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ ჯ. ფ-სათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.