დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
338საზ-07 ქ. თბილისი
19 თებერვალი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. პ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენით თ. პ-ე, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა თ. პ-ეს დაეწყო 2005 წლის 23 ნოემბრიდან.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ თ. პ-ემ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებით გამოყენების მიზნით.
მსჯავრდებული თ. პ-ე საჩივრით ითხოვს, მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა თ. პ-ის პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თ. პ-ე მსჯავრდებულია საქართველოს ადრე მოქმედი სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ამგვარი ძალადობის მუქარით სატრანსპორტო საშუალების გატაცებისათვის ითვალისწინებდა 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ. პ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება შეესაბამება ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ გამკაცრდა სასჯელის ქვედა ზღვარი.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლთან და გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ თ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენი თ. პ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.