შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 27.10.2008
საქმის ნომერი
357საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.10.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

357 საზ. 27 ოქტომბერი, 2008 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 5 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ი. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

იმავე განაჩენითÑ ნ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით; 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; 212-ე მუხლის სააფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე, მეცხრე პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით; 212-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; 252-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; 212-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

განაჩენით ი. ღ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ანგარებითა და სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; მანვე, პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჩაიდინა ყაჩაღობა; მანვე, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფთან ერთად ჩაიდინა ქურდობა; მანვე, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალების გატაცება, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

მსჯავრდებულ ი. ღ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ. საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 5 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვასა და ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ი. ღ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ან სიკვდილით დასჯას. იმის გათვალისწინებით, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, იგი შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე, რაც, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტისა, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ღ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტზე. და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რომელსაც შთანთქავს განაჩენით მის მიმართ დანიშნული უფრო მკაცრი სასჯელი.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. ღ-ის ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, უნდა აღინიშნოს: განაჩენით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ი. ღ. ნ. ზ-თან ერთად წინასწარ შეკავშირდა დანაშაულის ჩასადენად დროის განსაზღვრულ პერიოდში და მასთან შეთანხმებულად მოქმედებდა, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრი, რომლის მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა ი. ღ-მ დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომლითაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 15 წლამდე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს».

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. ღ-ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. ღ-ს სასჯელის საბოლოო ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით,რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს – გ. ს-ს, გ. ზ-სა და თ. მ-ს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მათ მიმართაც და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მათი მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

თანახმად საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტისა, მსჯავრდებულ თ. მ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), რომელიც პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რომელიც შთანთქმულ უნდა იქნეს განაჩენით მისთვის დანიშნული სხვა, უფრო სასჯელით.

მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტზე, ხოლო მას საბოლოო სასჯელის ზომად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, რომელიც მას დაენიშნა ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის, რადგან იგი განსაზღვრულია ახალი კანონით დადგენილი სანქციის ფარგლებში. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ თ. მ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ გ. ს-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (მითითებული რედაქცია), იმავე გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო მითითებული, უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, თანახმად საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა, რომელიც შთანთქმულ უნდა იქნეს განაჩენით მისთვის დანიშნული სხვა, უფრო მკაცრი სასჯელებით. მისივე ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომელიც მას დაენიშნა უფრო მძიმე დანაშაულისათვის.

ზემომითითებული გარემობების გათვალისწინებით, ასევე მსჯავრდებულ ნ. ზ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, ხოლო მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომელიც მას დაენიშნა უფრო მძიმე დანაშაულისათვის.

განაჩენი სხვა ნაწილში ნ. ზ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ამ ნაწილის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 5 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ი. ღ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რაც შთანთქმულ იქნეს მისთვის დანიშნული სხვა უფრო მკაცრი სასჯელით.

იმავე განაჩენში თ. მ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

იმავე განაჩენში მსჯავრდებულ გ. ს-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

იმავე განაჩენში ნ. ზ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე, მსჯავრდებულების – ი. ღ-ის, თ. მ-ის, გ. ს-ისა და ნ. ზ-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.