დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.03.2008
საქმის ნომერი
8საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

8საზ ქ. თბილისი

12 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულ ა. გ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სენაკის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 22 მარტის დადგენილების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 3 მაისს სენაკის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის ¹6805830 საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით. სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2003 წლის 8 მაისს მარტვილის რაიონულ პროკურატურაში მიღებულ იქნა ადვოკატ ვ. წ-ს საჩივარი მარტვილის რაიონის სოფელ ვედიდკარის საკრებულოს თანამდებობის პირების მხრიდან სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტის შესახებ. აღნიშნულ ფაქტზე 2004 წლის 31 მარტს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

არაღძრული მასალა გამოითხოვეს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოში, სადაც გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმებისა და შემოწმების განახლების შესახებ, რაც გახდა წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველი.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში მცხოვრებლების _ ა. გ-სა და ა. ფ-ს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა მიწის ნაკვეთის მიკუთვნებასთან დაკავშირებით. აღნიშნული სადაო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ა. გ-ს კუთვნილ მიმდებარე ტერიტორიაზე. წინასწარი გამოძიების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ა. ფ-სათვის მიკუთვნება მოხდა კანონიერად.

აღნიშნულ საქმეზე სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე თ. ჯ-მ 2006 წლის 22 მარტს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის ¹6805830 საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

მითითებული დადგენილება დაზარალებულმა ა. გ-მ გაასაჩივრა ჯერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ხოლო შემდეგ, საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო _ მარტვილის რაიონულ სასამართლოში. საჩივარი განსახილველად განსჯადობის მიხედვით დაექვემდებარა სენაკის რაიონულ სასამართლოს.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. აღნიშნული დადგენილება დაზარალებულმა ა. გ-მ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს დადგენილება დარჩა უცვლელად. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ იგი საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაზარალებული ა. გ-ა საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სენაკის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 22 მარტის დადგენილების გაუქმებასა და საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ასევე უკანონოა სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს დადგენილება, ვინაიდან აღნიშნული დადგენილება მან გაასაჩივრა პროკურატურაში, საიდანაც საბოლოო პასუხის მიღების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს, საქართველოს სსსკ-ის 234-242-ე მუხლების თანახმად, პროკურატურის მიერ შემოწმების დამთავრების შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. გ-ს მიერ საჩივარში მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სენაკის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 22 მარტის დადგენილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის დადგენილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი