შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
9/საზ ქ. თბილისი
28 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 იანვრის განაჩენით ე. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 12 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ე. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ე. მ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
განჩინებით ე. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებული ე. მ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებით ე. მ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. მჭედლიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ე. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ე. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულ ე. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.