განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა წარმოებით

სისხლის სამართლის 19.02.2008
საქმის ნომერი
11საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.02.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

11/საზ ქ. თბილისი

19 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენების კანონიერება პრეიუდიციის საფუძველზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 7 ოქტომბერს ქ. რუსთავის შს სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება 2005 წლის 7 ოქტომბერს ქ. რუსთავში, ........ში მცხოვრებ მ. ა-ის მიმართ ჩადენილ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

2005 წლის 10 ოქტომბერს მოცემულ საქმეზე ეჭვმიტანილის სახით დააკავეს ა. ხ-ი, რომელსაც 2005 წლის 12 ოქტომბერს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება (ტ. 1. სფ 62-64).

2005 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან ცალე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა. ხ-ის ორი დაუდგენელი თანამონაწილის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეს მიენიჭა ნომერი 012050864, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ა. ხ-ის მიმართ წარიმართა სასამართლოში (ტ. 1. სფ 132-133).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენით დამტკიცდა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. კ-სა და ა. ხ-ს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა კანონით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (ტ. 3. სფ 60-61).

2006 წლის 18 აპრილს ა. ხ-ს ბრალდების საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის ¹012050864 საქმე ორი დაუდგენელი პირის მიმართ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის დადგენილებით გამოსაძიებლად გადაეცა შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს (ტ. 1. სფ 173).

2006 წლის 10 მაისს მოცემულ საქმეზე, იმავე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდება წარედგინათ ლ. ბ-სა და ლ. ა-ს, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით და 2006 წლის 11 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა 2 თვის ვადით (ტ. 3. სფ 193,201,210).

2006 წლის 9 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით ბრალდებულების _ ლ. ა-სა და ლ. ბ-ის მიმართ პატიმრობის ვადა გაგრძელდა ერთი თვით _ 2007 წლის 10 აგვისტომდე (ტ. 3. სფ 277).

2007 წლის 12 ივლისს მოცემულ საქმეზე, იგივე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა ასევე გ. უ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მოსამართლის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება (ტ. 3. სფ 283-285.301).

2007 წლის 26 მაისს აღნიშნულ საქმეზე შედგა საბრალდებო დასკვნა და სისხლის სამართლის საქმე ლ. ბ-ის, ლ. ა-სა და გ. უ-ს მიმართ არსებითად განსახილველად შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

საქმის სასამართლოში შესვლის შემდეგ განსასჯელების _ ლ. ა-ის, ლ. ბ-სა და გ. უ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:

ლ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 8 წელი და საბოლოოდ ლ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით;

ლ. ბ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

ლ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი და საბოლოოდ ლ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით;

გ. უ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხუდელი ნაწილი _ 7 წელი, 11 თვე და 29 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით.

განაჩენით ლ. ა-ის, ლ. ბ-სა და გ. უ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

გ. უ-ა და ლ. ა-ი 2005 წლის ივლისში წავიდნენ ქ. ქობულეთში, სადაც დაჰყვეს რამდენიმე თვე. გ. უ-მ შესთავაზა ლ. ა-ს, ყაჩაღური გზით თავს დასხმოდნენ ქ. რუსთავში მცხოვრებ მ. ა-ის ოჯახს, რომლის შვილი მუშაობდა საზღვარგარეთ და, მისი ინფორმაციით, ჩამოტანილი ჰქონდა ფული. გ. უ-ა არ უნდა გამოჩენილიყო მ. ა-ს ბინაში, ვინაიდან ეს ბინა მათ ნაყიდი ჰქონდათ გ. უ-ს მშობლებისგან და მას იცნობდნენ.

2005 წლის 7 ოქტომბერს გ. უ-ა და ლ. ა-ი ქ. ქობულეთიდან ჩავიდნენ ქ. რუსთავში, სადაც მათ წინასწარ შეთანხმებისამებრ შეუერთდათ ლ. ბ-ძე. დაახლოებით 13.30 საათზე გ. უ-ა, ლ. ა-ი და ლ. ბ-ძე მივიდნენ ქ. რუსთავში, ... ქ. ¹5-ში მდებარე კორპუსთან. გ. უ-ა დარჩა სადარბაზოსთან, ხოლო ლ. ა-ი და ლ. ბ-ძე ავიდნენ მე-8 სართულზე, რის შემდეგაც დააკაკუნეს კარზე და მოიმარჯვეს ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღების მაგვარი საგნები. მათ კარი გაუღო მ. ა-მ, რის შემდეგაც ლ. ა-ი და ლ. ბ-ძე, ცეცხლსასროლი იარაღების მაგვარი საგნებით მომარჯვებულები, შევიდნენ სახლში. ძალადობით მ. ა-ძე შეიყვანეს საძინებელ ოთახში, დასვეს იატაკზე, დაუმიზნეს ცეცხლსასროლი იარაღების მაგვარი საგნები და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს მათთვის გადაეცა ფული და ოქროულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით. მ. ა-საგან მიიღეს რა უარი, ლ. ა-ი დარჩა მასთან, ხოლო ლ. ბ-მ დაიწყო საძინებელი ოთახის ჩხრეკა, სადაც იპოვა მ. ა-ს კუთვნილი ოქროს ნივთები. ამის შემდეგ ლ. ბ-ძე, ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნით მომარჯვებული, დარჩა მ. ა-სთან, ხოლო ლ. ა-მა დაიწყო მეორე საძინებელი ოთახის ჩხრეკა, სადაც იპოვა მ. ა-ის შვილის _ მ. ა-ის კუთვნილი 5000 აშშ დოლარი და „ჯვსის“ ფირმის ვიდეოკამერა, ხოლო მისაღები ოთახის მაგიდიდან აიღო მ. ა-ის კუთვნილი „სამსუნგ-800-ის“ მოდელის მობილური ტელეფონის აპარატი. ლ. ა-მა აღნიშნული ნივთები ჩააწყო იქვე ნანახ პოლიეთილენის პარკში, რის შემდეგაც ორივე თავდამსხმელმა მოილაპარაკა და, ბინიდან უსაფრთხო გასვლის მიზნით, მ. ა-ძე ჩაკეტეს სააბაზანო ოთახში, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ხოლო თვითონ გ. უ-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და მ. ა-ის ბინიდან წაღებული ფული და ნივთები ურთიერთშორის გაინაწილეს.

ყაჩაღური თავდასხმიდან დაახლოებით 15.20 საათზე გ. უ-მ მ. ა-ის ბინიდან წაღებულ „სამსუნგ-800-ის“ მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში ჩადო კუთვნილი სიმბარათი და დარეკა ქ. ქობულეთში. მ. ა-ის ბინაზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ გ. უ-ა და ლ. ა-ი იმავე დღეს დაბრუნდნენ ქ. ქობულეთში, ხოლო ლ. ბ-ძე მოგვიანებით ასევე ჩავიდა ქ. ქობულეთში და შეუერთდა მათ.

ყაჩაღური თავდასხმის შედეგად დაზარალებულებმა _ მ. ა-მ და მ. ა-მა განიცადეს 10450 ლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის დადგენილებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენში შევიდა შესწორება. კერძოდ:

განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ნაცვლად სიტყვებისა: ,,ლ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა” მიეთითა ,,ლ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა”.

განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ნაცვლად სიტყვებისა: ,,ლ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა” მიეთითა ,,ლ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს 7 წლით, 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა”.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

არასრულწლოვანი ლ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით. ლ. ა-ს საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა 7 წლით, 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 8 წელი და საბოლოოდ ლ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ ლ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. ლ. ა-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 16 ნოემბრიდან;

ლ. ბ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა.

ლ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით. საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი და საბოლოოდ ლ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ ლ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. ლ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 16 ნოემბრიდან;

გ. უ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხუდელი ნაწილი _ 7 წელი, 11 თვე და 29 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. გ. უ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 16 ნოემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენის მიხედვით, სასამართლომ არ გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენით დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ 2005 წლის 7 ოქტომბერს მ. ა-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა ორ, ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ჩაიდინა ა. ხ-მა, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები ა. ხ-ისა და ლ. ა-ის, ლ. ბ-ის, გ. უ-ს მიმართ გადმოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მათი კანონიერების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეთა მასალები და თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ლ. ა-ის, ლ. ბ-სა და გ. უ-ს მიმართ უნდა დარჩეს ძალაში, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ალ. ხ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენით ა. ხ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში _ 2005 წლის 7 ოქტომბერს ქ. რუსთავში, .......ქ.¹5-43-ში მცხოვრებ მ. ა-ის მიმართ ჩადენილ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. აღნიშნულ განაჩენს საფუძვლად დაედო დაზარალებულ მ. ა-ის მიერ მიცემული ჩვენება.

2006 წლის 18 აპრილს ა. ხ-ს ბრალდების საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის ¹012050864 საქმე ორი დაუდგენელი პირის მიმართ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის დადგენილებით გამოსაძიებლად გადაეცა შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. 2006 წლის 10 მაისს მოცემულ საქმეზე ბრალდება წარედგინათ ლ. ა-ს, ლ. ბ-სა და გ. უ-ს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენით ლ. ა-ს, ლ. ბ-სა და გ. უ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ 2005 წლის 7 ოქტომბერს ჩაიდინეს მ. ა-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა.

აღნიშნულ განაჩენს საფუძვლად დაედო დაზარალებულ მ. ა-ის მიერ მიცემული ჩვენებები, სადაც მან განმარტა, რომ 2005 წლის 8 ოქტომბერს პოლიციის განყოფილებაში ფოტოსურათზე ამოიცნო ა. ხ-ი. 2006 წლის აპრილში, სასამართლოში ყოფნის დროს, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე _ სხვა საქმის განხილვისას მან სრულიად შემთხვევით ამოიცნო მის ბინაში მყოფი თავდამსხმელები და მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. 2005 წლის 7 ოქტომბერს მას ყაჩაღურად თავს დაესხნენ ლ. ა-ი და ლ. ბ-ძე. მან ა. ხ-ი მიამსგავსა ერთ-ერთ თავდამსხმელს, სინამდვილეში კი ა. ხ-ის ნაცვლად იყო ლ. ა-ი, რაშიც იგი არ ცდება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენი კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა.

საკასაციო პალატა, აფასებს რა ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო განაჩენებში არსებულ მტკიცებულებებს, რაც საფუძვლად დაედო ა. ხ-სა და ლ. ა-ის მსჯავრდებას, თვლის, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ. ა-ის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დასაბუთებულად უარყო პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, ა. ხ-ის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. ხ-მა ჩაიდინა მ. ა-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ლ. ა-ის, ლ. ბ-სა და გ. უ-ს მიმართ უნდა დარჩეს ძალაში, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ა. ხ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ლ. ა-ის, ლა. ბ-სა და გ. უ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენი ა. ხ-ის მიმართ.

შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ა. ხ-ის მიმართ.

ა. ხ-ს უფლება აქვს, აინაზღაუროს მიყენებული ზიანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განემარტოს ა. ხ-ს, რომ მას უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართოს სასამართლოს 6 (ექვსი) თვის ვადაში, უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება