დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.12.2008
საქმის ნომერი
19საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹19საზ ქ. თბილისი

16 დეკემბერი,2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის განაჩენით პ. კ., _ დაბადებული . წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 19 ივლისიდან.

ამავე განაჩენით შ. მ., _ დაბადებულს ... წლის ........, საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს; გ. წ-ს, _ დაბადებულს .... წლის .... საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს; ი. ს-ს, _ დაბადებულს .. წლის ......, საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლობის არმქონეს, _ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით მიესაჯათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ პ. კ-მა, შ. მ-მ, გ. წ-მ და ი. ს-მ ჩაიდინეს ყაჩაღობა ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

მსჯავრდებული პ. კ. საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით შემსუბუქდა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, რის გამოც ითხოვს მისი ქმედების ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით პ. კ-სა და სხვა მსჯავრდებულების ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტითაც (ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რომლის სანქცია ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი იგივე ქმედებისათვის სასჯელად ადგენს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა, ხოლო მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელები მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებები, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა და ასეთ გარემოებებს მიუკუთვნებიან:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სისხლის სამართლის კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელზეც მიუთითებს საჩივრის ავტორი, ამოქმედდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ პ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე პ. კ-ს, შ. მ-ს, ი. ს-სა და გ. წ-ს მიმართ, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.