შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 06.03.2008
საქმის ნომერი
22საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22საზ ქ. თბილისი

6 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 17 სექტემბრის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 17 სექტემბრის განაჩენით მ. ბ-ი, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტებით, 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ 1991 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 03 საათსა და 30 წუთზე, მთვრალმა მ. ბ-მა ქ. სამტრედიაში ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, ე.ი. საზოგადოებრივი წესრიგის და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი განზრახი მოქმედება, რაც გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავხედობით, კერძოდ, მან ჯერ ავტოსადგურის მახლობლად სრულიად უმიზეზოდ მოახდინა რამდენიმე გასროლა სანადირო თოფიდან, შემდეგ შეხვდა გზად მიმავალ რ. გ-ს, რომელიც შეეცადა მის დაწყნარებას, რა დროსაც მ. ბ-მა უმიზეზოდ ორჯერ ისროლა ჰაერში. ამ დროს ძნელაძის ქუჩაზე ავტომანქანა „მოსკვიჩ-412”-ით გაიარა ვ. ს-მ. მ. ბ-მა თოფით ხელში გააჩერებინა მას ავტომანქანა, ყაჩაღურად თავს დაესხა, მოსთხოვა მანქანიდან გადმოსვლა და ავტომობილის მისთვის დატოვება. როდესაც ვ. ს-საგან მიიღო უარი, ესროლა მანქანის კარს და დააზიანა იგი და მისი შიდა მოპირკეთება, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი და საფრთხე შეუქმნა მძღოლს. ვ. ს-ა იძულებული გახდა, გადმოსულიყო მანქანიდან და რ. გ-თან ერთად ფეხით გაემართა მ. ბ-ის მიერ მითითებული მიმართულებით. მ. ბ-მა ანგარებით, ავტომანქანის დაუფლების გაადვილების მიზნით და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ვ. ს-სა და რ. გ-ს. ვ. ს-ს გასროლილი საფანტი მოხვდა თავის არეში და ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მ. ბ-მა, რომელსაც არ ჰქონდა მართვის უფლება, გაიტაცა ვ. ს-ს ავტომანქანა და მიიმალა, მაგრამ ის დააკავეს შსს-ს სამტრედიის რაიგანყოფილების მუშაკებმა.

1991 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც მ. ბ-ი ექსპერტიზის ჩასატარებლად იმყოფებოდა რესპუბლიკურ ფსიქიატრიული საავადმყოფოს საექსპერტო განყოფილებაში, სხვა პატიმრებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ძალადობის გამოყენებით თავს დაესხა მცველებს. პატიმრებმა მათ შეუკრეს ხელ-ფეხი და გაიქცნენ. მეორე დღეს მ. ბ-ი დააკავეს და შეასახლეს ქ. ქუთაისის ¹2 საგამოძიებო იზოლატორში, საიდანაც 1992 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 23 საათზე, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ცენტრალური კარის დაზიანებით განმეორებით გაიქცა პატიმრობიდან და იგი დააკავეს 1993 წლის 5 მარტს.

აღნიშნული ქმედებისათვის მ. ბ-ს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 3 წლით, 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 10 წლით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 12 წლით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 8 წლით, 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტებით _ სიკვდილით დასჯა; იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მ. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. ცნობად იქნა მიღებული, რომ მ. ბ-ი პატიმრობაშია 1991 წლის 19 აპრილიდან 1991 წლის 14 ოქტომბრამდე, 1991 წლის 15 ოქტომბრიდან _ 1992 წლის 13 იანვრამდე და 1993 წლის 5 მარტიდან.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 1 აგვისტოს ¹16 ბრძანებულებით მ. ბ-ი შეწყალებულ იქნა და განაჩენით დადგენილი სასჯელი შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

მსჯავრდებული მ. ბ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ ყველა სიკვდილმისჯილ მსჯავრდებულს, რომლებსაც სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა შეეცვალათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთით, დანიშნული სასჯელიდან მოაკლდათ 5 წელი, რის გამოც ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთა შესაბამისობაში მოყვანას და მისი განთავისუფლების თარიღის დაზუსტებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა მალხაზ ბლუაშვილის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განაჩენით მ. ბ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 15 წლამდე.

ანგარებით, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილი მკვლელობისათვის, რაშიც ასევე ბრალი დაედო მ. ბ-ს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით 10-დან 20 წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" და „დ” ქვეპუნქტების (მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს) სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 14 წლამდე, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის (განზრახ მკვლელობა ანგარებით) სანქციით _ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, მ. ბ-ის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მ. ბ-ის მიერ ანგარებით ჩადენილ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტი (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 15 წლამდე. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში მ. ბ-ის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.

რაც შეეხება სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებს, ისინი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" და „დ” ქვეპუნქტებთან, რადგან ამ მუხლის სანქცია უფრო მსუბუქია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს 15 წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ს, რომელსაც განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 17 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს მ. ბ-ის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) მსჯავრდების ნაწილში, ვინაიდან 2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ხულიგნობის შემადგენლობის აუცილებელ ნიშნად ითვალისწინებს ძალადობას ან ძალადობის მუქარას, რასაც მსჯავრდებულის მხრიდან, ბრალდების ამ ეპიზოდში, ადგილი არ ჰქონია.

მ. ბ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (რისთვისაც მისჯილი აქვს, შესაბამისად, 10 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის სანქცია ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს, კერძოდ, მის ზედა ზღვარს და მას აქვს უკუძალა.

ამავე მოტივებით მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (სხვისი ნივთის დაზიანება საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რაც ითვალისწინებდა 1-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის სანქცია ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ახალი კანონი ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობასა და სასჯელს, კერძოდ, მის ზედა ზღვარს.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ კანონის სანქციის ფარგლებში, ხოლო თუ სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

მ. ბ-ს მიერ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ხსენებული მუხლით დანიშნული სასჯელი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებშია და არც ამ ქმედების სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.

იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ-ი პატიმრობაში იმყოფებოდა 1991 წლის 19 აპრილიდან იმავე წლის 14 ოქტომბრამდე, 1991 წლის 15 ოქტომბრიდან 1992 წლის 13 იანვრამდე და სასჯელს იხდის 1993 წლის 5 მარტიდან, მას ამ განჩინებით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" და “დ” ქვეპუნქტებით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 17 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მ. ბ-ის ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მიესაჯოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ბ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს მ. ბ-ის ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდეს საქმე;

მ. ბ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" და „დ” ქვეპუნქტებზე და მიესაჯოს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ბ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, მ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. ბ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.