შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 23.04.2008
საქმის ნომერი
25საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.04.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

25-საზ 23 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენით გ. ჩ-ი, _ დაბადებული … წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია) 110-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, 96-ე მუხლის II ნაწილის I, II, V, VI პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1998 წლის 14 დეკემბრიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 18 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენში, კერძოდ გ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I და II პუნქტებიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (რომლითაც განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა) და იმავე მუხლის I ნაწილზე (რომლითაც განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა). მის მიმართ დანიშნული სასჯელი _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შემცირდა 2 წლით და მას საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ჩ-ი, იმის გათვალისწინებით, რომ შემცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი, საჩივრით მოითხოვს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით 2 წლით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ გ. ჩ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ და გ. ჩ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.