დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.06.2008
საქმის ნომერი
27საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.06.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

27საზ ქ. თბილისი

17 ივნისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ა-ს დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენით ტ. ა, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ტ. ა-ს დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ ტ. ა-ს მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება: ტ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. ა-ს დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

მსჯავრდებულ ტ. ა-ს დამცველი, ადვოკატი მ. ხ-ს საჩივრით ითხოვს 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ტ. ა-ს მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ტ. ა-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი დამცველის საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ თავიანთ განაჩენებში სასჯელის დანიშვნისას უკვე გაითვალისწინეს მსჯავრდებულ ტ. ა-ს არასრულწლოვანება და ამ საფუძვლით მას დაუნიშნეს შემსუბუქებული სასჯელი _ საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციებით გათვალისწინებული მინიმალური და მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი. საბოლოოდ მისთვის დანიშნული სასჯელი არ აღემატება საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2007 წლის 4 ივლისის რედაქცია) განსაზღვრულ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს, რის გამოც აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმის ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებად გასაჩივრებული განჩინების მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენით, რომელთანაც დაკავშირებითაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი, მსჯავრდებულ ტ. ა-ს მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომის გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ ტ. ა-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ტ. ა-ს დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ტ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.