შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
30საზ ქ. თბილისი
25 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ა. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის კანონი) და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 7 აგვისტოდან.
განაჩენით ა. შ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
მსჯავრდებული ა. შ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ა. შ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის კანონი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის კანონი), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის კანონი) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. შ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ა. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის კანონი), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.