შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 06.07.2009
საქმის ნომერი
53საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.07.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

53საზ-08 6 ივლისი, 2009 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 19 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხარკოვის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 5 ივნისის განაჩენით ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სსკ-ის 69-ე მუხლის, 142-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 222-ე მუხლის საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, მთელი ქონების კონფისკაციით. ამავე დროს უკრაინის სსკ-ის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იგი ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად.

უკრაინის უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ხარკოვის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ბ. ბ-ს განაჩენიდან ამოერიცხა მითითება უკრაინის სსკ-ის 222-ე მუხლის პირველ ნაწილზე, როგორც ზედმეტად შერაცხულზე და იგი ჩაითვალა გასამართლებულად დანაშაულთა ერთობლიობით, გათვალისწინებული უკრაინის სსკ-ის 69-ე მუხლისა და 142-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ხოლო მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, მთელი ქონების კონფისკაციით. ამასთან, განაჩენიდან ამოირიცხა ასევე მითითება ბ. ბ-ის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ხარკოვის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 5 ივნისის განაჩენი და უკრაინის უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 6 ნოემბრის განჩინება შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან, კერძოდ, უკრაინის სსკ-ის 69-ე მუხლი შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლთან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და ამ ნაწილში ბ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; უკრაინის სსკ-ის 142-ე მუხლის მე-3 ნაწილი შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’, «გ’’ ქვეპუნქტებთან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და ბ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე ბ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. ამასთან, ხსენებული გადაწყვეტილებებიდან მის მიმართ ამოირიცხა სასჯელი _ მთელი ქონების კონფისკაცია.

ბ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 25 თებერვლიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით ბ. ბ-ი თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას იმ ნაწილში, რომელიც ეხება მის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’, «გ’’ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე და, შესაბამისად, მისთვის სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ბ. ბ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ ნაწილში სასჯელის დანიშვნაზე, ვინაიდან ბ. ბ-მა ჩაიდინა ერთი უმართლობა რამდენიმე დამამძიმებელ გარემოებაში, რომელთაგან ერთი, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის «გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ბინაში უკანონო შეღწევით), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტს (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია (ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე) არ აღემატება მსჯავრდებულ ბ. ბB-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს _ თავისუფლების აღკვეთას 12 (თორმეტი) წლის ვადით. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე.

რაც შეეხება ბ. ბ-ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე, ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და ამიტომ გასაჩივრებული განჩინება აღნიშნულ ნაწილში ბ. Bბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 19 ნოემბრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია).

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ბ. ბ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.