შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 24.04.2008
საქმის ნომერი
57საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.04.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹57-საზ ქ. თბილისი

24 აპრილი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ზ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 10 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 10 აგვისტოს განაჩენით გ. ზ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტითY და მიესაჯა სიკვდილით დასჯა.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით გ. ზ-ას სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

განაჩენით გ. ზ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით.

მსჯავრდებული გ. ზ-ა საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ზ-ს პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. ზ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.

მსჯავრდებულ გ. ზ-ს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო გ. ზ-ს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, გ. ზ-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, გ. ზ-ს მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში გ. ზ-ს ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ზ-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ზ-ს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 10 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ზ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 10 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ გ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1995 წლის 8 თებერვლიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.