დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹72-საზ ქ. თბილისი
10 სექტემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ა-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის განაჩენით:
დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დ. მ-ის შუამდგომლობა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება გ. ი-სთან.
ნ. ა., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ი., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან 8 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დანარჩენი 2 წელი ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, გ. ი-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
რ. კ., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულების _ ნ. ა-სა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განაჩენით მსჯავრდებულებს _ ნ. ა-სა და რ. კ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაიდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.
განაჩენით მსჯავრდებულ გ. ი-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა.
მსჯავრდებული ნ. ა. საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის განაჩენისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და საქმის სასამართლოში დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ნ. ა-ს მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.