შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
87საზ-08 ქ. თბილისი
19 თებერვალი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ის საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 23 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 23 თებერვლის განაჩენით რ. ა-ე, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-2 ნაწილით _ 4 წლით, მე-3 ნაწილით _ 7 წლით, მე-17,91-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით, ხოლო 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით _ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადრე მოქმედი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით რ. ა-ძეს საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1999 წლის 8 თებერვლიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-ემ სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩაიდინა მკვლელობა, ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება და დამზადება; მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ბინაში შეღწევით.
მსჯავრდებული რ. ა-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებით სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი მკვლელობისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 14 წლამდე ვადით, რის გამოც ითხოვს მის მიმართ დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და სასჯელის შემცირებას 14 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ რ. ა-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რ. ა-ე მსჯავრდებულია საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტითაც, რომელიც სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის ითვალისწინებდა 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის აწესებს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სხვა მუხლების შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და მსჯავრდებულის სასიკეთოდ არც ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ რ. ა-აის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 23 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
რ. ა-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტზე და ამ მუხლით განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და რ. ა-ეს საბოლოოდ მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.