შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 27.02.2009
საქმის ნომერი
90საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.02.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

90საზ თბილისი

27 თებერვალი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ღ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 მაისის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 24 თებერვლის განაჩენით ხ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 მაისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 24 თებერვლის განაჩენი ხ. რ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 მაისის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ხ. რ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის «ბ" ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ. რ-ს ქმედების კვალიფიკაცია იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ხ. რ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მასთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ხ. რ-ს მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი განსაზღვრულია მის მიერ ჩადენილი ქმედების იმ ნაწილის კვალიფიკაციის საფუძველზე, რომლის მიმართ გასაჩივრებული განაჩენი რჩება უცვლლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ხ. რ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 მაისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ხ. რ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ხ. რ-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.