დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.11.2008
საქმის ნომერი
93საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

93საზ ქ. თბილისი

28 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. უ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის განაჩენით ბ. უ., - დაბადებული ..... წელს, ..... განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რის გამოც მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 12 აპრილიდან.

განაჩენით ბ. უ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია 14 წელი.

მსჯავრდებული ბ. უ. საჩივრით ითხოვს თავის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ბ. უ-ს მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. უ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. უ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.