შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹728აპ-09 ქ.თბილის 23 თებერვალი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ის ადვოკატ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით გ. ლ-ს ბრალი დაედო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჯგუფურად და სადგომში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის აპრილში, რიცხვი დაუდგენელია, გ. ლ-ი დაუკავშირდა ა. მ-ესა და თ. მ-ს, რომლებსაც მიცემული რჩევა-დარიგებით ხელი შეუწყო ქ. თბილისში, ---- ქუჩის ¹1-ში მდებარე გაზგასამართ სადგურ შპს „გ-ს» ოფისზე ყაჩაღური თავდასხმის ჩადენაში, სადაც თვითონ გამმართველად მუშაობდა. შეთანხმებისამებრ, გ. ლ-ი თ. მ-ეს ინფორმაციას აწვდიდა გაზგასამართი სადგურის სალაროში არსებული თანხის რაოდენობის შესახებ. მათ ასევე მოილაპარაკეს, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს გ. ლ-ი თანამზრახველებს შენობის კარს გაუღებდა.
2006 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 02 საათსა და 30 წუთზე, ა. მ-ემ, თ. მ-მა და დაუდგენელმა სამმა პირმა უკანონოდ შეაღწიეს შპს „გ-ს» გაზგასამართი სადგურის შენობაში, რომლის შესასვლელი კარი, შეთანხმებისამებრ, დანარჩენი თანამშრომლებისაგან მალულად გააღო გ. ლ-მა. შესვლისთანავე ზემოაღნიშნული პირები ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ იქ მყოფებს _ გ. ზ-ს, დ. ჭ-ესა და ბ. ლ-ს, შეუკრეს ხელები, შეიყვანეს სამზარეულოში, რის შემდეგ ძალაყინით გახსნეს საოპერატორო ოთახში მდგარი სეიფი და გაიტაცეს 9 ათასი ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით გ. ლ-ი გამართლდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თ. ხ-ამ. მან მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ლ-ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით და სასჯელად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განაჩენით პროკურორის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი. გ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 3 ათასი ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 ივლისიდან. მას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 4 ოქტომბრიდან 2008 წლის 5 ნოემბრამდე.
კასატორი _ ადვოკატი ი. ჩ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს, ხოლო გ. ლ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ საქმეზე გ. ლ-ის მიმართ წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატა თავისი განაჩენით გასცდა ბრალდების ფარგლებს, ამასთან, გ. ლ-ის მდგომარეობა საუარესოდ შეაბრუნა იმ საფუძვლით, რომელიც ბრალდებას არ ჰქონდა მითითებული თავის სააპელაციო საჩივარში; სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ისე გამოიტანა, რომ არ ჩაატარა სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით, რითიც დაარღვია სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გ. ლ-ი მოცემულ საქმეზე დაზარალებულად იყო ცნობილი. მას ყაჩაღობის დროს ბოროტმოქმედებმა წაართვეს „ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი მასში გააქტიურებული სიმბარათით, მაგრამ გამოძიებას ამ ტელეფონის ძებნა არც უცდია. მათ მოიპოვეს მხოლოდ კრებსები, საიდანაც ერთ-ერთი ნომერი ეკუთვნოდა თ. მ-ს, რომელიც სხვა დანაშაულისათვის უკვე დაპატიმრებული იყო. აქედან წარმოიშვა ვერსია, რომ შპს „გ-ზე» ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეთაგან ერთ-ერთი შეიძლებოდა ყოფილიყო თ. მ-ი. ამ ვერსიის დასადასტურებლად შსს-ში გამოიძახეს შპს „გ-ს» თანამშრომლები და ჩაატარეს ფოტოსურათებით ამოცნობა (თუმცა, ამოცნობის ოქმები არ გაფორმებულა). გ. ლ-ს „ურჩიეს», რომ ხელი დაედო თავისი ძველი ნაცნობის _ თ. მ-ისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდნენ. გ. ლ-მა ვერ გაუძლო ზეწოლას და გაემგზავრა რუსეთში ნათესავებთან. გამოძიებამ თ. მ-სა და ა. მ-ეს ბრალად აღნიშნული ყაჩაღობაც შერაცხეს (თუმცა მათთვის შერაცხულ ბრალდებებში გ. ლ-ი თანამონაწილედ არ არის მოხსენიებული) და საქმე წარმართეს სასამართლოში, მანამდე კი ცალკე წარმოებად გამოყვეს საქმე დაუდგენელი პირების მიმართ.
გ. ლ-ის წინააღმდეგ ერთ-ერთ მტკიცებულებად (გარდა მასსა და თ. მ-ს შორის განხორციელებული ზარების ამონაწერისა) გამოიყენეს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძარცვა-ყაჩაღობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროს ნ. ს-სა და ბრალდებულ უ. გ-ეს შორის საუბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რა დროსაც უ. გ-ე თავის დაქნევით ადასტურებს ა. მ-ის, თ. მ-ის, ს. დ-ისა და გ. ლ-ის ყაჩაღობაში მონაწილეობის ფაქტს. ამ ორი საეჭვო მტკიცებულების საფუძველზე გ. ლ-ი დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში, როგორც ყაჩაღობაში დამხმარე პირი ისე, რომ არ გაუუქმებიათ მისი დაზარალებულად ცნობის დადგენილება.
აღსანიშნავია ისიც, რომ გ. ლ-ის საქმის განხილვამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენით თ. მ-ი და ა. მ-ე გამართლდნენ შპს „გ-ზე» თავდასხმის ეპიზოდში, რადგან ერთადერთი არაპირდაპირი მტკიცებულება _ უ. გ-ესთან ჩატარებული ფარული აუდიოჩანაწერი სასამართლომ სარწმუნოდ და სხვა მტკიცებულებებით გამაგრებულად არ მიიჩნია, ვინაიდან უ. გ-ე ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა. ამის გამო გამოირიცხა გ. ლ-ის ბრალეულობის სავარაუდო საფუძველიც და მისი დანაშაულებრივი კავშირი თ. მ-თან. შედეგად, პროცესში მონაწილე პროკურორმა მხარეთა კამათის დროს შეცვალა ბრალდების ფორმულირება, ამორიცხა გ. ლ-ის დანაშაულებრივი კავშირი, შეცვალა თანამონაწილეობის სტატუსი დამხმარიდან დაუდგენელ პირებთან თანაამსრულებლის სტატუსით, რითიც გააფართოვა ბრალდების მოცულობა. ამის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები აღარ არსებობდა. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით სრულიად კანონიერად და დასაბუთებულად გამართლდა გ. ლ-ი წარდგენილ ბრალდებაში. მიუხედავად აღნიშნულისა, პროკურატურამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გამამართლებელი განაჩენი, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამასთან, სააპელაციო პალატა გასცდა ბრალდების მოთხოვნას და თავისუფლების აღკვეთასთან ერთად მსჯავრდებულს დამატებითი სასჯელიც განუსაზღვრა.
ადვოკატი ი. ჩ-ე ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გ-ზე» ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში თ. მ-ისა და ა. მ-ის მიმართ დადგენილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლომ გ. ლ-ის მიმართ არ მიანიჭა პრეიუდიციული ხასიათი მხოლოდ იმ მოტივით, რომ უ. გ-ე გ. ლ-თან მიმართებაში საერთოდ არ დაკითხულა, ამიტომ ეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი მისი ბრალეულობის უტყუარი მტკიცებულებააო. თუ ეს ასეა, მაშინ საეჭვო წარმოშობის მტკიცებულება _ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი სასამართლოს როგორღა მიაჩნია გ. ლ-ის ბრალეულობის უდავო მტკიცებულებად. სასამართლოსათვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა უ. გ-ის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვა, მაშინ, როდესაც მან საკუთარი ინიციატივით შსს-დან გამოითხოვა და დაათვალიერა ჟურნალი. ეს მტკიცებულება კი არც წინასწარ გამოძიებაში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა სააპელაციო პალატას, აღნიშნული გამოეყენებინა საკუთარი შინაგანი რწმენის შესაქმნელად და გ. ლ-ის მდგომარეობის გასაუარესებლად. ამ ჟურნალის დათვალიერებისას გაირკვა, რომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გაკეთდა პროკურორის დადგენილებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე _ 2006 წლის 16 ივნისს, ხოლო პროკურორის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების ჩატარებაზე გამოტანილია ამ ღონისძიების განხორციელების შემდეგ _ 2006 წლის 17 ივნისს, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს მტკიცებულება მოპოვებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით და დაუშვებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ პალატამ მხოლოდ თ. მ-ისა და სხვათა ბრალდების საქმეზე დართული „ჩD» დისკის დემონსტრირება მოახდინა, ხოლო საქმის მასალები _ ამ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ირგვლივ უ. გ-ის მიერ მიცემული ჩვენებები არ გამოუკვლევია. სამაგიეროდ, დაზარალებულების _ მ. ზ-ის, დ. ჭ-ისა და მოწმე ლ. ს-ის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია გ. ლ-ის ბრალეულობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და გ. ლ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაზიარებელია საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ, დაუნიშნა რა დამატებით სასჯელად ჯარიმა, გ. ლ-ის მდგომარეობა საუარესოდ შეაბრუნა იმ საფუძვლით, რომელიც ბრალდების მხარეს არ ჰქონდა მითითებული თავის სააპელაციო საჩივარში.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ლ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით და სასჯელად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. სააპელაციო სასამართლო გასცდა პროკურორის მოთხოვნას და მსჯავრდებულს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გარდა, 3 000 ლარი ჯარიმაც შეუფარდა დამატებითი სასჯელის სახით. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს რაიმე გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ასევე საფუძვლიანია საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის კრებსები და ამ ჩანაწერის „ჩD“ დისკი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გ. ლ-ის საწინააღმდეგო მტკიცებულებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განაჩენით თ. მ-ი და ა. მ-ე, რომლებსაც სხვა დანაშაულებთან ერთად ბრალი ედებოდათ შპს „გ-ზე“ თავდასხმაში, ამ ეპიზოდში გამართლებულ იქნენ, ვინაიდან სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერი, სადაც კონფიდენტთან საუბრისას უ. გ-ე ამ თავდასხმაში მონაწილეებად ასახელებდა ა. მ-ეს და თ. მ-ს, სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული, ვინაიდან უ. გ-ე აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მან არ დაადასტურა ხსენებული ინფორმაციის სისწორე (თვითონ უ. გ-ე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, მაგრამ შპს „გ-ზე“ თავდასხმაში ბრალი არ ედებოდა). სწორედ თ. მ-თან და ა. მ-ესთან ერთად ედებოდა ბრალად გ. ლ-ს შპს „გ-ზე“ თავდასხმა და სწორედ აქ ასახელებდა უ. გ-ე სამივეს. თუ პირველ ორზე არ გამოდგა ეს ჩანაწერი მტკიცებულებად, არ გამოდგება არც გ. ლ-ზე.
გარდა ამისა, თვით ეს „ჩD“ დისკი გ. ლ-ის ბრალდების საქმეს არ ერთვოდა და არც გ. ლ-ის საქმის განმხილველ სასამართლოს უცვნია იგი მტკიცებულებად. ეს დისკი ნივთმტკიცებად ერთვის უ. გ-ის, თ. მ-ის, ა. მ-ისა და სხვათა ბრალდების საქმეს და იგი ამ საქმესთან ერთად სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდ დასათვალიერებლად იქნა გამოთხოვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივიდან.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის მტკიცებას იმის შესახებ, რომ გ. ლ-ის მიმართ წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას და სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ისე გამოიტანა, რომ არ ჩაატარა სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით.
სააპელაციო სასამართლოში, გარდა მსჯავრდებულისა, დაკითხულ იქნენ დაზარალებულები: დ. ჭ-ე, მ. ზ-ი, ბ. ლ-ი, თ. ს-ი, მოწმეები: ა. ც-ე, ლ. ს-ე და სხვები, გამოქვეყნებული და გამოკვლეული იქნა სხვა მტკიცებულებები. მართალია, არ დადასტურდა გ. ლ-ის დანაშაულებრივი კავშირი თ. მ-თან და ა. მ-ესთან, მაგრამ საქმის სასამართლო განხილვის პროცესში სწორედ ამიტომ სახელმწიფო ბრალმდებელმა ბრალდებიდან ამორიცხა ყაჩაღობის ჩადენა მათთან ერთად და გ. ლ-ს ბრალად დასდო ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად, სადგომში უკანონო შეღწევით.
სააპელაციო სასამართლომ, გააანალიზა რა დ. ჭ-ის, მ. ზ-ის, ბ. ლ-ის, თ. ს-ის, ა. ც-ის, ლ. ს-ის ჩვენებები, მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. თავის საჩივარში თვით კასატორიც, უარყოფს რა სატელეფონო საუბრების კრებსების და კონფიდენტთან საუბრის ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების ოქმების და „ჩD“ დისკების გამოყენების შესაძლებლობას გ. ლ-ის საწინაღმდეგო მტკიცებულებად, ყურადღებას არ ამხვილებს დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებზე, არ იძლევა მათ კრიტიკულ ანალიზს, მხოლოდ აღნიშნავს, რომ ისინი ურთიერთგამომრიცხავია.
სააპელაციო პალატის განაჩენში გაანალიზებული და ახსნილია წინასწარი გამოძიების და საქმის სასამართლო განხილვის სტადიებზე ამ ჩვენებებში არსებული ცალკეული წინააღმდეგობების მიზეზები, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება.
განაჩენის დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია საქმეზე ობიექტური ჭაშმარიტების დასადგენად. უტყუარადაა დადგენილი, რომ სწორედ გ. ლ-ი დაეხმარა ყაჩაღური ჯგუფის წევრებს, შეეღწიათ შპს „გ-ს“ შენობაში.
საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამართლებრივი პროცედურის არსებით დარღვევებს. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი კვალიფიკაცია, ხოლო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი (8 წელი) შეესაბამება გ. ლ-ის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ლ-ის ადვოკატ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განაჩენის სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება კონფიდენტთან საუბრის ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერის კრებსსა და „ჩD“ დისკზე;
სააპელაციო პალატის განაჩენი გაუქმდეს გ. ლ-ისთვის დამატებით სასჯელად ჯარიმის _ 3 000 (სამი ათასი) ლარის დანიშვნის ნაწილში.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.