შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 28.01.2010
საქმის ნომერი
2კ-752აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.01.2010

გადაწყვეტილების ტექსტი

752აპ-09 28 იანვარი, 2010 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ ო. დ-ძის

პროკურორ _ ლ. ქ-შვილის

დაზარალებულ _ ზ. ს-შვილის

ადვოკატ _ გ. ძ-ძის

მსჯავრდებულ _ ა. კ-იანის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ა. კ-იანს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 29 ივლისს ა. კ-იანმა განიზრახა, ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდა სხვის ქონებას. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი, დაახლოებით 15:45 საათზე, მივიდა თბილისში, სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაზე, სადაც ბრიგადირ ზ. ს-შვილს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფული, ამასთან, მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ზ. ს-შვილმა ა. კ-იანს გაუწია წინააღმდეგობა და შეძლო მისგან თავის დაღწევა, რის შემდეგაც ა. კ-იანი პოლიციის მუშაკებმა დააკავეს.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. კ-იანის დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ-ძემ. აპელანტი თავის საჩივარში მიუთითებდა, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან მასში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა თავის გამოსვლაში დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, სახელდობრ, მან მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ა. კ-იანს ჩადენილი აქვს გამოძალვა და არა _ ყაჩაღობა, რის გამოც მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2004 წლის 24 ივნისის რედაქცია). პარალელურად აპელანტმა მოითხოვა, რომ თუ სასამართლო დანაშაულის კვალიფიკაციას არ შეცვლის, მაშინ ა. კ-იანს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი, რომლის სამ მეოთხედზე მეტი უკვე მოხდილი აქვს და იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და 2009 წლის 8 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. კ-იანის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. კ-იანმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავის საჩივარში, არ ეთანხმება რა სასამართლოს დასკვნებს მისი ბრალეულობის თაობაზე, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა ბრალდება მის მიერ ყაჩაღობის ჩადენის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი მტკიცებულებები. ორივე განაჩენი ემყარება ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, დაზარალებულის ჩვენებები აშკარად წინააღმდეგობრივია, რის გამოც, ჩნდება რა საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ ყაჩაღობის ჩადენასთან მიმართებით, საპროცესო კანონის თანახმად, სასამართლოს ეჭვი უნდა გადაეწყვიტა ა. კ-იანის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორის აზრით, საქმის განხილვისას სასამართლო არ იყო ობიექტური და მიუკერძოებელი, ვინაიდან სასამართლო გამოძიება ჩაატარა ტენდენციურად, ადგილი ჰქონდა საპროცესო დარღვევებს, რამაც განაპირობა მის მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გამოტანა. საბოლოოდ კასატორი ითხოვს მისი ბრალდების თაობაზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას, რომლის სამ მეოთხედზე მეტი უკვე მოხდილი აქვს.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. კ-იანმა მხარი დაუჭირა თავისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმავე მოტივების საფუძველზე, რაზეც მას მითითებული ჰქონდა აღნიშნულ საჩივარში. ამავე დროს ა. კ-იანმა განმარტა: მართალია, მას კონფლიქტი მოუხდა დაზარალებულ ზ. ს-შვილთან, მაგრამ ეს კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ მას დაზარალებულმა უარი უთხრა უფასოდ მგზავრობაზე. ამავე დროს მან ზ. ს-შვილს მოსთხოვა, რომ მისთვის პერიოდულად მიეცა გარკვეული თანხა. მან ხელი გაარტყა დაზარალებულ ზ. ს-შვილს, მაგრამ იმ წუთებში ფულის მიცემა არ მოუთხოვია. კონფლიქტის დროს დანა კი ამოიღო, მაგრამ ის იყო დაკეცილი და დაზარალებულს დანის დარტყმით არ დამუქრებია, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში მის მიმართ ცვლილების შეტანას, სასჯელის შემსუბუქებასა და პატიმრობიდან განთავისუფლებას.

დაზარალებულმა ზ. ს-შვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ მსჯავრდებული ა. კ-იანი არასწორ ჩვენებას იძლევა. სინამდვილეში მსჯავრდებულმა მას ფული მოსთხოვა დანის მუქარით, სახეში მუშტი დაარტყა და რომ არ გაქცეულიყო, შეიძლება იმ დანით დაეჭრა კიდეც. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ მსჯავრდებული მისგან მოითხოვდა იმ ფულის მიცემას, რაც თან ჰქონდა და მომავალში _ ყოველთვიურად 200 ლარის გადაცემას. საბოლოოდ დაზარალებულმა ზ. ს-შვილმა განაცხადა, რომ სასამართლო პალატას ანდობს გადაწყვეტილების მიღებას.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ლ. ქ-შვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის ჩვენება არასწორია, ხოლო მისი მოთხოვნა _ უსაფუძვლო, რადგან საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ყაჩაღობის ჩადენას. ამავე დროს, აღნიშნა პროკურორმა ლ. ქ-შვილმა, მსჯავრდებული სასამართლოს წინაშე არ არის გულწრფელი, რის გამოც მისი მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებაზე დაუსაბუთებელია. სახელმწიფო ბრალმდებელს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად განსაზღვრა ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ლ. ქ-შვილი შუამდგომლობს საკასაციო პალატის წინაშე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ა. კ-იანის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ა. კ-იანის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს მსჯავრდებულ ა. კ-იანის მიერ ჩადენილი ქმედების თაობაზე, რადგან ისინი არ შეესაბამება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც რეალურად იკვეთება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებიდან გამომდინარე. აქ მხედველობაშია შემდეგი გარემოებები: ბრალდება და გამამტყუნებელი განაჩენები ეყრდნობა დაზარალებულ ზ. ს-შვილის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მიცემულ ჩვენებებს, რომელთა შორის, ცალკეულ, მაგრამ ჩადენილი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან დეტალებში არსებობს არსებითი წინააღმდეგობები, რაც სასამართლოებმა განაჩენის დადგენისას არ გაითვალისწინეს. წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ზ. ს-შვილი აღნიშნავს, რომ სამარშრუტო მიკროავტობუსების გაჩერებაზე მასთან მივიდა ა. კ-იანი, რომელმაც მოსთხოვა, რომ «მარშრუტკის ხაზიდან» მისთვის ყოველთვიურად 200 ლარი მიეცა, რაზეც მან უარი განუცხადა. ამის გამო ა. კ-იანი მას დანით დაემუქრა, მაგრამ მაინც გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც ა. კ-იანმა მას დანის ტარი ჩაარტყა სახეში, შემდეგ კისერში ჩაავლო ხელი და ბრძანების კილოთი უთხრა, რომ მისთვის ფული მიეცა. ამ ჩვენებაში დაზარალებული არ აზუსტებს და არც გამომძიებელი ეკითხება, რა ფულის მიცემაზე იყო საუბარი და რა იგულისხმებოდა: ზემოხსენებული 200 ლარი, თუ _ სხვა ფული, რომელიც დაზარალებულს შეიძლებოდა თან ჰქონოდა. შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებული ზ. ს-შვილი თავის ჩვენებაში ჯერ ამბობს, რომ ა. კ-იანმა დანის მუქარით მოსთხოვა 200 ლარის მიცემა, ხოლო შემდეგ იქვე ამატებს, რომ ა. კ-იანმა მას დაუსახელა რიცხვი და უთხრა, რომ ყოველი თვის ბოლოს, ამ რიცხვში მიუტანდა 200 ლარს. შემდეგ დაზარალებული თავის ჩვენებაში აგრძელებს აღნიშნულ მომენტზე საუბარს და ამბობს: «ა. კ-იანმა მითხრა, მომეცი ფული _ 200 ლარიო და თან დააყოლა, რომ ყოველი თვის ბოლოს მისთვის უნდა მიმეტანა 200-200 ლარი». ამის შემდეგ დაზარალებული იმავე ჩვენებაში შეკითხვაზე პასუხობს, რომ ა. კ-იანი მისგან 200 ლარს ითხოვდა ბრძანების კილოთი და თან ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ არც ამ ჩვენებაშია დაზუსტებული და გარკვეული, ა. კ-იანი დაზარალებულისგან მხოლოდ ყოველთვიურად 200 ლარის მიცემას ითხოვდა, თუ ამასთან ერთად იმ ფულის მიცემასაც სთხოვდა, რაც მას თან ჰქონდა იმ მომენტში. ამასთან, გაუგებარია თავდამსხმელის მიერ ყაჩაღობისას დასაუფლებლად გამიზნული თანხის ოდენობის დასახელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მას შემდეგ, რაც აპელანტმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ ა. კ-იანის მიერ ჩადენილია გამოძალვა და, შესაბამისად, მოითხოვა მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა, დაზარალებულმა ზ. ს-შვილმა, რომელიც ხელახლა დაიკითხა, სცადა დაეზუსტებინა ზოგიერთი გარემოება, მაგრამ მისი ახალი ჩვენება აღმოჩნდა აშკარად წინააღმდეგობრივი. იგი აღწერს ვითარებას და სრულიად გარკვევით ამბობს: «ა. კ-იანი მოვიდა ჩემთან და მითხრა, თვის ბოლოს თანხა მომიტანეო, «სტავკა» დამიდგინა ყოველთვიურად». იქვე, ზ. ს-შვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ: «ა. კ-იანი მოვიდა ჩემთან, მომთხოვა ფული და მითხრა რამდენს მომიტანო. მე ვუთხარი «რა ფული, რის ფულიო», რის გამოც მან წამიშინა მუშტი. როცა მირტყამდა, მე გავიქეცი. ამის შემდეგ ადვოკატ თ. ქ-ძის შეკითხვაზე დაზარალებული პასუხობს: «როგორც მახსოვს, ფულს იმ წუთისათვისაც მთხოვდა და თვის ბოლოსთვისაც. ახლა დეტალებში ზუსტად არ მახსოვს. მაშინ უფრო კარგად მემახსოვრებოდა, გამოაქვეყნეთ ჩემი ჩვენება, სიმართლე მაქვს ნათქვამი». მისი დაკითხვის ბოლოს პროკურორის შეკითხვაზე პასუხობს: «იმ წუთშიც მომთხოვა ფული და თვის ბოლოსთვისაც». იმავე ჩვენებაში დაზარალებული ზ. ს-შვილი ადასტურებს, რომ საქმის დეტალები ისე იყო, როგორც მან აღნიშნა წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში, ხოლო ცოტა ქვემოთ კიდევ ერთხელ მიუთითებს: «წინასწარ გამოძიებაში და შემდეგ ჩემ მიერ მიცემულ ჩვენებას ვეთანხმები». თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულის ამ ჩვენებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალები დაუზუსტებელი დარჩა.

ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია, დაიკითხოს დაზარალებული, თუმცა გაურკვეველი დარჩა: რის გამო ჩათვალა საჭიროდ სასამართლომ დაზარალებულის ხელახლა დაკითხვა, ვინაიდან, მართალია, სასამართლომ დაზარალებულს დაუსვა გარკვეული შეკითხვები, მაგრამ არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამს იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, წინააღმდეგობებსა და გაურკვევლობებზე, რომლებიც დაზარალებულის ჩვენებებში არსებობდა და რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ა. კ-იანის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის სწორად განსაზღვრისათვის.

ამრიგად, დაზარალებულ ზ. ს-შვილის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მიცემული წინააღმდეგობრივი ჩვენებებიდან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დგება მსჯავრდებულ ა. კ-იანის მიერ ყაჩაღობის ჩადენა. დაზარალებულის ჩვენებებით შეიძლება სარწმუნოდ და დადგენილად იქნეს მიჩნეული მათში დასახელებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დასტურდება საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებითაც, კერძოდ, მხედველობაშია მოწმე კ. ს-შვილის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებები. იგი არის მომხდარი შემთხვევის შემსწრე, რომელთანაც თავდაპირველად კონტაქტი დაამყარა ა. კ-იანმა, რომელიც ითხოვდა მისგან 200 ლარის შეგროვებასა და მისთვის გადაცემას. ამ ჩვენებაში აშკარად არის გამოკვეთილი არა ყაჩაღობის, არამედ გამოძალვის ნიშნები და ეს ჩვენებები ემთხვევა დაზარალებულის ჩვენებებში მითითებულ იმ გარემოებებს, რომლებიც აშკარად მიუთითებს ა. კ-იანის მიერ გამოძალვის ჩადენაზე, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ საქმეში არ მოიპოვება სხვა ისეთი სარწმუნო მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულ ა. კ-იანის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ვერსიის უტყუარად დადასტურება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი: მსჯავრდებულმა ა. კ-იანმა დაზარალებულ ზ. ს-შვილის მიმართ ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის (ფულადი თანხების) გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, და არა _ ყაჩაღობა, რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: როგორც საბრალდებო დასკვნასა და განაჩენებშია მითითებული, მსჯავრდებულმა ა. კ-იანმა ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისას დაზარალებულ ზ. ს-შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დანიანი ხელი ჩაარტყა სახის არეში, რითაც მას სახე დაუზიანა, თუმცა, ამას ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ეს ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, 2005 წლის 29 ივლისის ¹75\2-3-351 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მას თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს. ამ ნაწილში ა. კ-იანის ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რომელსაც არ მოიცავს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (მითითებული რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება. ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ დაზარალებულმა ზ. ს-შვილმა 2005 წლის 29 ივლისს პოლიციისათვის მიმართულ განცხადება-საჩივარში ხაზგასმით მოიხსენია ა. კ-იანის მიერ თავისი ცემის ფაქტი და დაბეჯითებით მოითხოვა რეაგირება ამის თაობაზე. მართალია, აღნიშნული განცხადება-საჩივრის საფუძველზე ა. კ-იანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, მაგრამ ყაჩაღობა თავისი შინაარსით მოიცავს დაზარალებულის ცემასა და მისი ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასაც, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი ყაჩაღობის ჩადენისას. ამჟამად, როცა დაზუსტდა ა. კ-იანის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, ეს უკანასკნელი, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის (მითითებული რედაქცია) ნაცვლად, უნდა დაკვალიფიცირდეს ორი მუხლით _ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (მითითებული რედაქცია) და ასევე იმავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია აღნიშნული კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. როგორც აღინიშნა, დაზარალებული ზ. ს-შვილი თავის განცხადება-საჩივარში სამართალდამცავი ორგანოებისგან რეაგირებას ითხოვდა თავისი ცემისთვისაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის მოთხოვნას წარმოადგენს დამნაშავის დასჯა ცემისათვის. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. კ-იანს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისაც.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. კ-იანის მიმართ ჩადენილი ქმედებებისათვის სასჯელის ზომების განსაზღვრას, უნდა აღინიშნოს, რომ მან სააპელაციო სასამართლოსა და საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ფაქტობრივად აღიარა და მოინანია ის დანაშაული, რაც მას რეალურად აქვს ჩადენილი, ამასთან, მან საკმაოდ დიდი დრო გაატარა წინასწარ პატიმრობაში, რაც ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. კ-იანს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო წინასწარ პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, იგი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ჯარიმების სახით დანიშნული სასჯელებისაგან და ჩაითვალოს სასჯელმოხდილად, რის გამოც ა. კ-იანი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

საბოლოოდ საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. კ-იანის ბრალდების საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას არ დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18, მე-19 მუხლებითა და 496-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ასევე დაუშვა იმავე კოდექსის 538-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული დარღვევა, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე. აღნიშნული გარემოება, საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის «ა», «ბ» ქვეპუნქტების, 563-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 564-ე მუხლის «ა», «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში განაჩენის შეცვლის საფუძველს წარმოადგენს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები მსჯავრდებულ ა. კ-იანის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. კ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ა. კ-იანს მოეხსნას შერაცხული ბრალდება ყაჩაღობის ჩადენის თაობაზე, ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (მითითებული რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მითითებული რედაქცია).

მსჯავრდებულ ა. კ-იანს სასჯელის ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე _ ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, იგი მთლიანად გათავისუფლდეს აღნიშნული ჯარიმების მოხდისაგან და ჩაითვალოს სასჯელმოხდილად.

ა. კ-იანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.