შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
73აპ-10 17 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. დ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ა-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 23 აპრილიდან.
განაჩენით გ. ა-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. ა-ვმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა 24,2835 გრამი _ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.
2009 წლის 23 აპრილს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ქ. თბილისში, ვ. გ-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს გ. ა-ი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მოთეთრო-მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით. ამოღებული ნივთიერება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება _ «ჰეროინის” შემცველ ფხვნილსა და გრანულებს, რომლებშიც «ჰეროინის” წონა შეადგენს _ 24,2835 გრამს.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა _ გ. დ-ამ და პ. ჯ-ამ.
აპელანტები ითხოვდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ. ა-ის გამართლებას, რის საფუძვლადაც უთითებდნენ, რომ საქმეში არ მოიპოვება ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ იმ ორი მოწმის ჩვენებები, რომლებიც შს სამინისტროს ოპერატიული სამსახურის მუშაკები არიან და მათი ჩვენებები, სხვა დამატებითი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა-ვმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-ამ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება იმ მოტივით, რომ როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიება ჩატარდა არასრულად და ცალხმრივად; განაჩენს საფუძვლად უნდა დადებოდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. კონკრეტულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულის ბრალეულობა დადასტურებულია მხოლოდ ორი მოწმის, შს სამინისტროს თანამშრომლების _ ე. ნ-ისა და ი. ჯ-ის ჩვენებებით, რის გამოც მარტო მათი ჩვენებები არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების _ ე. ნ-ის, ი. ჯ-ის ჩვენებებით, ეჭვმიტანილის სახით დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით გ. ა-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გასაღების მიზნის არსებობის გარდა, დადასტურებულია.
პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ევს, რომელიც არ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი» ესაჭიროებოდა არა პირადი მოხმარებისათვის, არამედ _ მისი შემდგომი გასაღებისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც მიანიშნებს გასაღების მიზანზე. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს გამოუკვლევიათ ისინი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, არ იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ გ. ა-ვმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა შემდგომი გასაღების მიზნით.
საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად: «ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.» იმავე კოდექსის 496-ე მუხლის III ნაწილის თანახმად კი: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.
საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეში კი არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გ. ა-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის არსებობის ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენში გ. ა-ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ გ. ა-ს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს მითითება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენი გ. ა-ის მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ გ. ა-ვს განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.