შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 28.07.2010
საქმის ნომერი
2კ-359აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2010

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-359აპ.-10 28 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 41-42-ე მუხლების გამოყენებით მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მ. დ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლი დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, საექიმო საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 9 აგვისტოდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, მ. დ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ფულადი თანხა _ 400 აშშ დოლარი და 860 ლარი.

მ. დ-ეს განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ. დ-ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინი”, წონით _ 0,040 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2009 წლის 5 აგვისტოს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ნაწილი _ 0,024 გრამი, მ. დ-ემ თავისივე საცხოვრებელ სახლთან ახლოს უკანონოდ გაასაღა ჯ. ო-ზე, ხოლო დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება _ 0,016 გრამი კვლავ უკანონოდ შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში. მითითებული ნარკოტიკი 2009 წლის 9 აგვისტოს სამართალდამცავებმა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. დ-ემ.

აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, მისი უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. დ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება, ასევე _ უკანონოდ ჩამორთმეული ფულადი თანხის _ 400 აშშ დოლარისა და 860 ლარის ოჯახისთვის დაბრუნება.

ს ა მ ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ მ. დ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებისა და მისი გამართლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

მსჯავრდებულის ეჭვმიტანილის დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ მ. დ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლის საწოლის ლეიბის ქვემოდან სამართალდამცველებმა ამოიღეს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ორი აბი ,,სუბოტექსი”, რომელსაც ტკივილის გასაყუჩებლად გარდაცვალებამდე იღებდა მისი მეუღლე. მსჯავრდებულის განმარტებით, მან არც კი იცოდა, ეს რა აბები იყო. ამ ჩვენების მიცემა პალატის აზრით, გამოწვეული იყო პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით.

პალატას მიაჩნია, რომ როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლოებმა სწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ნაწილში და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მ. დ-ის მიერ ჩადენილ ქმედებას. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინეს მ. დ-ის როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განუსაზღვრეს სასჯელის ისეთი ზომა, რომელსაც პალატა ეთანხმება და თვლის, რომ არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი.

საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების _ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლების _ რ. ბ-ისა და ი. ბ-ის ჩვენებებით, მოწმე ჯ. ო-ის ჩვენებით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შესახებ დადგენილებით, საქართველოს შსს-ს აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით მ. დ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების გარდა, დადასტურებულია, მაგრამ სწორი სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. დ-ის მიმართ შერაცხული მსჯავრდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში _ ემყარება მხოლოდ ბრალდების მხარის _ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლების _ რ. ბ-ისა და ი. ბ-ის ჩვენებებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ 2009 წლის 9 აგვისტოს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ურეხში ჩატარდა მ. დ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. სამართალდამცავებმა ჩხრეკისას აღნიშნული სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში განთავსებული საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოიღეს პოლიეთილენის პატარა ზომის პაკეტი შიგ არსებული ორი ცალი თეთრი ფერის აბით, წარწერით: “სუბოტექსი”. მეორე საძინებელ ოთახში არსებული რკინის სეიფიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა _ 400 აშშ დოლარი და 860 ლარი.

მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ჯ. ო-ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას 2009 წლის 9 აგვისტომდე, კერძოდ, ერთი თვით ადრე, ურთიერთობა ჰქონდა მ. დ-სთან, რომლისგანაც იძენდა ნარკოტიკულ საშუალება ,,სუბოტექსს”, თითოეულ აბს _ 300-320 ლარად. ხოლო მას შემდეგ, რაც მ. დ-ე წავიდა ნაოსნობაში, ნარკოტიკულ საშუალებას იგი იძენდა მ. დ-საგან, რომელთანაც არ ჰქონდა სატელეფონო კავშირი და უშუალოდ მიდიოდა მასთან სახლში ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. სასამართლო გამოძიებისას კი მან შეცვალა ჩვენება და აღნიშნა, რომ იგი მ. დ-ეს არ იცნობდა და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ასევე განაცხადა, რომ მსჯავრდებულისაგან ნარკოტიკულ საშუალებას იღებდა საზღაურის გადახდის გარეშე. მიცემულ ჩვენებაში მან განაცხადა: ,,ნარკოტიკი მ. დ-საგან შევიძინე ერთხელ, ფული არ გადამიხდია, მე მისთვის საჩუქარი უნდა მიმეტანა, შეიძლება არც კი მიმეტანა საჩუქარი და “გადამეგდო” კიდეც”.

აღნიშნული განცხადება არსებითად ეწინააღმდეგება წინასწარ გამოძიებაში მის მიერ მიცემულ ჩვენებას, ასევე გაურკვეველია, თუ კონკრეტულად სად ხვდებოდა ო-ე დ-ეს, ვინაიდან წინასწარ გამოძიებაში დაკითხვისას ო-ე უთითებს, რომ ნარკოტიკების შესაძენად იგი სახლში მიდიოდა მ. დ-სთან, ხოლო სასამართლო გამოძიებისას ნარკოტიკების შეძენის ადგილად მიუთითა სხვადასხვა ტერიტორია.

არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მ. დ-ის მიერ ნარკოტიკების გასაღების ჩადენის ფაქტს.

საკასაციო პალატის აზრით, საქმე განხილულ იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: არც რაიონულმა და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არ მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი ნარკოტიკების გასაღების ნაწილში აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. ზემოაღნიშნული ბრალდების მოწმეების მიერ მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები ნარკოტიკების გასაღების ნაწილში ნაკლებ სარწმუნოა, არც სხვა მტკიცებულებითაა გამყარებული და, შესაბამისად, უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეში კი არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მ. დ-ე არის ნარკოტიკების გამსაღებელი. საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად: „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 496-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად მ. დ-სთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ ფულადი თანხის _ 400 აშშ დოლარისა და 860 ლარის ჩამორთმევას, პალატის აზრით, არასწორია, რადგან როგორც თბილისის საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის I ნაწილის თანახმად: „ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას“. იმავე მუხლის III ნაწილის საფუძველზე კი: „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ხდება იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული“, რასაც, პალატის აზრით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

სასამართლო გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში მ. დ-ემ აღნიშნა, რომ ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა იყო მისი, რომელიც მას მორჩენილი ჰქონდა ერთი თვის წინ _ 5000 აშშ დოლარად გაყიდული მიწის ნაკვეთიდან.

ამდენად, მ. დ-სათვის ჩამორთმეული ფულადი თანხა _ 400 აშშ დოლარი და 860 ლარი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულად, ამიტომ მისი ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ საკასაციო პალატას არასწორად მიაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

მ. დ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ამასთან, მ. დ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მ. დ-ეს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს მითითება სახელმწიფოს სასარგებლოდ ფულადი თანხის _ 400 აშშ დოლარისა და 860 ლარის ჩამორთმევის თაობაზე და აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

მ. დ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

მ. დ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მ. დ-ეს განაჩენიდან ამოერიცხოს მითითება სახელმწიფოს სასარგებლოდ ფულადი თანხის _ 400 აშშ დოლარისა და 860 ლარის ჩამორთმევის თაობაზე და აღნიშნული თანხა დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.