საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
500აპ-10 ქ. თბილისი
14 სექტემბერი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. გ-სა და თ. მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2010 წლის 7 აპრილის განაჩენზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ. გ-ე, თ. მ-ე, ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მათ სასჯელის ზომად განესაზღვრათ თითოეულს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის ათვლაც მათ დაეწყოთ დაკავების დღიდან _ 2009 წლის 30 აგვისტოდან. იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა დაზარალებულ ჯ. კ-ს სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულებს _ გ. გ-სა და თ. მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ ჯ. კ-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება _ 5370 (ხუთი ათას სამას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 აპრილის განაჩენით ცვლილება შევიდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებულებს _ გ. გ-სა და თ. მ-ს შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით _ თითოეულს შეუმცირდა 6 (ექვსი) თვით, რის შედეგადაც მათ სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. იმავე განაჩენით გადაწყდა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ საგანთა ბედი და დადგინდა, რომ ნივთმტკიცებად ცნობილი სპორტული შარვალი, მოთხოვნის შემთხვევაში, დაუბრუდეს დაზარალებულ ჯ. კ-ს; ა. მ-საგან ამოღებული «DVღ»-ის აპარატი საჭიროების გასვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო დაზარალებულ ჯ. კ-ს დამატებითი დაკითხვის ამსახველი ვიდეოფირი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. იმავე განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენი გაუქმდა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, ხოლო დაზარალებულ ჯ. კ-ს განემარტა უფლება, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების _ გ. გ-სა და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ გ. გ-ისა და თ. მ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ გ. გ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2010 წლის 7 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.